GD Banner
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე:

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, პატივცემულო კოლეგებო, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი ქვეყნის ძვირფასო მეგობრებო,

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლა.

ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით. მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს. ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა – ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს – სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა.

ჩვენ შევიკრიბეთ უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების ეპოქაში, როცა გამძაფრებული კონფლიქტების, კლიმატური ცვლილებების და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებების ურთიერთდაკავშირებული კრიზისები დღესაც კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენენ. ეს გამოწვევები ითხოვს გაბედულ მოქმედებას. საქართველო არასოდეს შეუშინებია გაბედულ მოქმედებას. ბოლო 2 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის. მაშინ, როცა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა განვითარება და პრობლემების გადაჭრა, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ხაზგასმით: საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია.

ვაცნობიერებთ რა საკუთარი გამოცდილებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენ სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად. ჩვენ მივესალმებით მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კერძოდ კი იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და დღესაც მზად ვართ, უზრუნველვყოთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას, ჩვენ შორის უთანხმოების წარსულში დატოვებას და ჩვენს ერთობლივ წინსვლას ყველა იმ რესურსისა და უპირატესობის გამოყენების თვალსაზრისით, რომელთა შეთავაზება ჩვენს რეგიონს შეუძლია მსოფლიოსთვის.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქციის გაცვლის, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის ცენტრი და ბევრად მეტიც. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება.

თუკი შევხედავთ პოლიტიკურ რუკას, დავრწმუნდებით, რომ საქართველო გვთავაზობს ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში. მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსვლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში.

როგორც ცნობილია, ბოლო 2 წელიწადში წარმოიშვა მნიშვნელოვანი გამოწვევები. არაერთი ტესტის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა განსაკუთრებული გამძლეობა ამ ტიპის გარე შოკების მიმართ. 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9.7%-ს. მტკიცე მაკროეკონომიკური საფუძვლების და ფისკალური დისციპლინის წყალობით, სახელმწიფო ვალი შემცირდა 39.3%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი – მხოლოდ 2.5%-მდე. გარდა ამისა, საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაუმჯობესებისა და სიღარიბის მაჩვენებლების განახევრების მიუხედავად, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებლები, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც, როცა უმუშევრობის დონემ იკლო რეკორდულ მაჩვენებლამდე და 13.7% შეადგინა.

საქართველოს ეფექტიანი წინსვლა და მიღწევები სათანადოდ არის ასახული მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოების საერთაშორისო რეიტინგებში:

– მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მე-20 ადგილზეა მსოფლიოში და მე-11 ადგილზე ევროპაში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით, ხოლო კანონის უზენაესობის კატეგორიაში საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და მე-14 ადგილზე ევროპაში;

– საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერობს მსოფლიოს მასშტაბით ბიუჯეტის გამჭვირვალობის კატეგორიაში.

– ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის (ERCAS) 2023 წლის ანგარიშის – „გამჭვირვალობა ომის დროს“ თანახმად, საქართველო მე-17 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 15 წევრ ქვეყანას და დიდი შვიდეულის ოთხ სახელმწიფოს;

– გარდა ამისა, ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და აქაც უსწრებს ბევრ წამყვან ეკონომიკას;

– The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-19 ადგილზეა ევროპაში და 32-ე მსოფლიოში და ისევ და ისევ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას;

– ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი შეზღუდვების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა 80-მეტ ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%. პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დღემდე საქართველომ მოიზიდა 6.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რითაც კიდევ უფრო შეეწყო ხელი საქართველოს ჩამოყალიბებას მულტიფუნქციურ რეგიონულ ცენტრად, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი უკავშირდება ბიზნესს.

მაშინაც კი, როდესაც გასულ წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ 7 მილიონზე მეტ ტურისტს, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვან აღდგენაზე მეტყველებს, საქართველო ინარჩუნებს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მსოფლიოში. მონაცემთა ბაზა Numbeo-ს თანახმად, საქართველო ამ მხრივ მე-8 ადგილზეა ევროპაში და 21-ზე მსოფლიოში, რაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების და პროფესიონალების დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში. ჩვენ თანმიმდევრულად და დაუღალავად ვშრომობთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით.

მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში.

ძვირფასო კოლეგებო და ჩემი ქვეყნის მეგობრებო, საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება.

ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,988 ნახვა