26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრობიდან, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
გიორგი ბარამიძის თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ერის პროგრესულმა ნაწილმა აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს როგორც საქართველო, ასევე მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები.
„დღეს ქალბატონ გიულისთან ერთად ჩამოვედით მიშას მამულში, ყვარელში, ეს განსაკუთრებული ადგილია ჩვენთვის. ჩამოვედით, რათა მიხეილ სააკაშვილის წიგნი წარგვედგინა ჩვენი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის წევრებისთვის, რომლებიც შემართული არიან იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ მიშა პუტინის პატიმრობიდან, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიშას ლიდერობით ახალ საქართველოში, 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა ეს მოღალატეები აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, მიშას ექნება საფუძველი, რომ ბევრად მეტი წიგნი დაწეროს იმ კარგ საქმეებზე, რასაც ის და მისი გუნდი გააკეთებენ საქართველოს მშვიდობიანად გამთლიანებისათვის, მის ასაყვავებლად, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური“ მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.