GD Banner
პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი

კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. ასეთ ფონზე, მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ შეკითხვას − რამდენად გვიღირს, რომ კონსტიტუციაში, ქვეყნის მთავარ მიზნად გვეწეროს იმ კავშირში გაწევრიანება, სადაც არ გველიან ჩვენი ღირებულებებით, ეროვნული იდენტობით და სუვერენული გადაწყვეტილების უფლებით? – ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზედმეტად მკაფიოა მიზეზები, თუ რატომ არის უდიდესი მანქანა საქართველოს წინააღმდეგ მომართული – საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს და სწორედ ამის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები.

„20 სექტემბერს გამოქვეყნდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს „რეკომენდაციებს“, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში. აქ ის გარემოებაა მნიშვნელოვანი, რომ აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია წერს სცენარს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ როგორც აშშ-ის ოფიციალურმა სტრუქტურებმა, ასევე ევროკავშირმა. თანაც აღსანიშნავია, რომ მაკკეინის ინსტიტუტის გეგმიდან, გარკვეული პუნქტების აღსრულება მის გამოქვეყნებამდეც დაიწყო. მხედველობაში გვაქვს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ანონსი 26 ოქტომბრის არჩევნების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებისგან წამოსული მუქარა, უვიზო რეჟიმის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე. პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების შეფასებისას დაეყრდნობიან ISFED-ს − ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგი, რამაც მართალია საბოლოო მიზნამდე, ანუ ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებამდე ვერ მიიყვანა, მაგრამ შექმნა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი, რითაც შეარყია ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება.

შესაბამისად, პაველ ჰერჩინსკის განცხადება მხოლოდ ასე შეიძლება გავიგოთ: რადგან უკვე ვხედავთ, რომ აშშ-ის და ევროკავშირისთვის სასურველი ძალები, ანუ „კოლექტიური ნაც-მოძრაობა“ არჩევნებში ვერ იმარჯვებს, წინასწარ მზადდება ნიადაგი არჩევნების არასამართლიანად და არალეგიტიმურად გამოცხადებისათვის. მაკკეინის ინსტიტუტის გეგმა საქართველოში გადატრიალების და სასურველი აგენტურული ხელისუფლების მოყვანის შესახებ, გამოქვეყნებულია ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქალბატონის, ლორა თორნტონის სახელით, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა NDI-ის თბილისის ოფისს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა − მანიპულირებდა საზოგადოებრივ აზრზე, აქვეყნებდა ცრუ კვლევებსა და ანგარიშებს.

მაგრამ აქ მეტად საყურადღებოა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი და მთავარი ფიგურა − ეველინ ფარკასი, Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეველინ ფარკასი, ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა (2012-2015 წლებში), რომლის საკურატორო სფეროშიც შედიოდა უკრაინა, რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია. ეველინ ფარკასი, ვიქტორია ნულანდთან ერთად მონაწილეობდა კიევის “მაიდანის”მომზადებასა და განხორციელებაში. აშშ-ში მას ომის წამქეზებელთა (warmongers) რიგებს მიაკუთვნებენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეველინ ფარკასი 2022 წლის სექტემბერში, საქართველოს ღიად მოუწოდებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ომში ჩართვისაკენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღესაც სწორედ ეველინ ფარკასი უწერს სამოქმედო გეგმას აშშ-ის ოფიციალურ სტრუქტურებს და გარდა ამისა, მითითებებს აძლევს ევროკავშირის ბიუროკრატიასაც.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუციური ინსტრუქციები ნათლად აჩვენებს Deep State-ის გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე. სხვაგვარად ვერ აიხსნება, თუ როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ქმნის გარკვეულ დოკუმენტს, რომლის განხორციელება დაუყოვნებლივ იწყება ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ. ეს არის გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა, რომელსაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, თვალს ადევნებს ქართველი ხალხი. ზედმეტად მკაფიოა მიზეზები, თუ რატომ არის ეს უდიდესი მანქანა საქართველოს წინააღმდეგ მომართული. ყველამ ვნახეთ, რა მასშტაბის შეტევა მოჰყვა პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მხრიდან.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს − ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობის და კანონით გამაგრების ნაცვლად, იცავს ბავშვებს მავნე ზემოქმედებისგან და უფრთხილდება ოჯახურ ღირებულებებს; არ თმობს სუვერენიტეტს ვაშინგტონისა და ბრიუსელის სასარგებლოდ და აწარმოებს პოლიტიკას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით; აშშ-ის მმართველი ძალების გლობალური ინტერესების გამო არ წირავს ქვეყანას დამანგრეველ ომში ჩართვით − სწორედ ამ ყველაფრის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები. კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. ასეთ ფონზე, მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ შეკითხვას − რამდენად გვიღირს, რომ კონსტიტუციაში, ქვეყნის მთავარ მიზნად გვეწეროს იმ კავშირში გაწევრიანება, სადაც არ გველიან ჩვენი ღირებულებებით, ეროვნული იდენტობით და სუვერენული გადაწყვეტილების უფლებით?“ – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა