GD Banner
Uncategorized

„ტერორისტებთან არ ვისაუბრებთ“ – რუსეთმა უარი თქვა მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობაზე

რუსეთი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მეორე გლობალურ სამშვიდობო სამიტში, რომლის გამართვაც უკრაინას ამ შემოდგომაზე სურს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთის წარმომადგენლები „ბიურგენშტოკის პროცესის“ ფარგლებში გამართულ არცერთ შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობის მიღებას. თავად ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს დარეგულირებასთან. ეს არის ანგლოსაქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, მეორე მსოფლიო სამიტი მიზნად ისახავს „ზელენსკის აბსოლუტურად შეუსაბამო ფორმულის გატარებას“, რათა მსოფლიო უმრავლესობამ მას მხარი დაუჭიროს. ზახაროვა მიიჩნევს, რომ ეს არის მცდელობა, „რუსეთს კაპიტულაციის ულტიმატუმი წაუყენონ“.

„ჩვენ ასეთ სამიტებში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტაზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ჭეშმარიტად სერიოზული წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებს ადგილზე არსებულ ვითარებას, წარმოშობილ გეოპოლიტიკურ რეალობას და შესაბამის ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა 14 ივნისს ჩამოაყალიბა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. 

ამავდროულად, ზახაროვამ უკრაინა და დასავლეთი ომის გაგრძელების სურვილში დაადანაშაულა. მისი თქმით,  ამას ადასტურებს „უკრაინის შეიარაღებული ძალების ბანდიტური შეჭრა კურსკის ოლქში“ და „ზელენსკის მოთხოვნა რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვის შესახებ”.

„ეს არის ტერორის გაგრძელება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვისაუბრებთ ტერორისტებთან“, – განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14 ივნისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დატოვებენ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მთელ ტერიტორიას, ქალაქ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ჩათვლით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა