„მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა და ეს ხალხი დღეს ომზე გვესაუბრება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ საქართველოში და ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა.
„2008 წლის ომი იყო ომამდე გაყიდული და ეს მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა – ეს იყო ქართული სახელმწიფოს ღალატი. მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა. ეს გადმოცემით არ ვიცი – იქ იყვნენ ჩემი მეგობრები და ზუსტად ვიცი, რა გაიარეს მათ. ჩვენი გმირი, გარდაცვლილი ბიჭების ცხედრები ძირს ეყარა და მათ გადმოსვენებაზე არავინ ფიქრობდა. ერთადერთი ძალა, რომელმაც შეძლო, რომ შესულიყო კონფლიქტის ზონაში და ჩვენი გმირი ჯარისკაცები გადმოესვენებინა, საპატრიარქო იყო. და ეს ხალხი დღეს ომზე გვესაუბრება. თუნდაც, უკრაინის ომი რომ ავიღოთ მაგალითად, რადიკალებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ აქ და ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა. [ომი და მეორე ფრონტი] სურთ იმიტომ, რომ მშვიდ პოლიტიკურ გარემოში მათი პოლიტიკური რეინკარნაცია ვერ განხორციელდება და ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ დასავლეთისგან და ევროპელი პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.