მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მეგობრები ამბობენ, რომ წყვილი ხშირად ჩხუბობდა, რადგან ბექა ჯაიანი ყველაზე ეჭვიანობდა და კესარია მეგობრებთან მიმოწერასაც კი ვერ ბედავდა, როდესაც ჯაიანთან ერთად იმყოფებოდა.
ინდირა ჯგერნაია კესოს მეგობარი იყო. მომღერალი ყვება, რომ ერთხელ კესომ ვიდეო გამოუგზავნა, სადაც ჩანს, რომ მკვლელობისთვის დაკავებული მოკლულის სახლში ჭურჭელს რეცხავს. დეტალებიდან ჩანს, რომ ისინი ბოლო ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი.
„ბექა ჯაიანს პირადად არ ვიცნობდი, კესოსგან ვიცოდი მის შესახებ. ძალიან შეზღუდული იყო კესო მის გვერდით, ვერ საუბრობდა ვერაფერზე, როდესაც ეს ბიჭი მასთან იყო სახლში. ვიდეოს გამომიგზავნიდა ხოლმე როცა მარტო დარჩებოდა, გადმომირეკავდა ხოლმე. კესოს ძალიან უნდოდა ოჯახი ჰყოლოდა, უნდოდა ბოლომდე ქალივით ეცხოვრა, უნდოდა ვინმე მის გვერდით ძლიერი ჰყოლოდა. ეს ბიჭი ძალიან ეჭვიანი იყო.
საკმარისი იყო სადმე წასულიყო კესო, სწერდა, აბა, ვოისით ხმამაღლა მითხარი, რომ გიყვარვარ. ვინ გყავს მანდ, ვისთან ერთად ხარ. რაც შეეხება ცემას, ორჯერ მითხრა და საშინელი რეაქცია მქონდა, მას შემდეგ ვგრძნობდი, რომ სცხვენოდა და აღარ მიყვებოდა. ეს ბიჭი პირიქით, არ ანებებდა თავს. ტყუილია, რომ კესო აშანტაჟებდა ან რა შანტაჟი ეგაა, ქალმა ცოლობა თუ მოგთხოვა 2 წლის შემდეგ.
კესო გარეთ ბრჭყვიალებდა, უამრავ რამეს არ იმჩნევდა და არ აგრძნობინებდა არავის. ეს ბიჭი კარგად იყო ჩასახლებული კესოსთან. ერთი კვირის უკან გვქონდა მაგაზე საუბარი, არ ისვენებს, არ მანებებს თავსო. კესო გრძნობდა, რომ არ მეხატებოდა ბექა გულზე და ვამბობდი კიდეც, მოაშორე აქედან, რას გადაგვაყოლე ამ კაცს-მეთქი. კაი დაო, საყვარელიაო. სულ ამას იმეორებდა. მის მიმართ ცუდად მას შემდეგ განვეწყე, რაც გავიგე, რომ ფიზიკურად შეეხო“,აცხადებს ინდირა ჯგერენაია.
მისივე თქმით, კესოს არ უფიქრია სადმე წასვლა, უბრალოდ, თავისუფლება მოენატრა. მაგრამ მერე ბექაც ენატრებოდა, უკვე ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაში ამოყო თავი.
„ ამბობდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო. სინამდვილეში რაღაც დოზით მართლა იყო ბედნიერი, იმიტომ რომ გიჟივით უყვარდა. ვეუბნებოდი, წერას ხარ-თქო ატანილი. თვითონ პირდებოდა, რომ აუცილებლად მოგიყვან ცოლად. შენზე ვგიჟდებიო, მეორე დღეს საზიზღრობებს ეტყოდა. ისიც დაიღალა, ბოლოს და ბოლოს, ცოლად თუ მომიყვან, მომიყვანე, თუ არადა, დამანებე თავიო. იმ დღის მონაწერები აღარ ვიცი. როგორც ჩვენი მეგობრები ამბობენ, დადე ფოტოები, მოვდივარ ცოლობა უნდა გთხოვოო. მეორე ვერსიით, ჩვენს ფოტოებს დავდებ და ამ პირობით გნახავო, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მეჩვენება.
ვეუბნებოდი, რად გინდა მასეთი კაცის ცოლობა, უფრო მოგაქცევს კლანჭებში და დაგაზომბებს, სახლიდან გარეთ გასვლა აღარ მოგინდება-თქო. რისთვის იწვალე ამდენი, სამზარეულოს ქალობა გინდა, მაგ ფრჩხილებით საჭმელი უნდა აკეთო-მეთქი.
მეგობრებს ჩააწერინა ვიდეოები, ბექა, კესოს უყვარხარ. მე რომ მითხრა, ძალიან ვეჩხუბე. არ ჩავუწერე ვიდეო. ძალიან არ მინდოდა ეს ბიჭი მისთვის. მეუბნებოდა, შენ რანაირი მორიელი ხარ, ჩემი მტერი ამოიჩემეო. აღმოჩნდა, რომ მართლა მისი მტერი ამოვიჩემე. გარდაცვლილი კესარიას ფოტო რომ ვნახე, იმის მერე ორი ღამეა არ მძინავს, არ ვიცი, დიდხანს გამყვება ეს ტკივილი. ძალიან მენანება, გამიჭირდება კვირას იქ დგომა“,-ამბობს ინდირა ჯგერენაია.
წყარო: ambebi.ge