“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია, გუშინ გორში ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მას მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა უწოდა.
“გუშინ საოკუპაციო ზოლთან გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა, მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმების, როგორც მან თქვა, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ, ჩვენ ერზე ისევ ეძალადათ და დავეტერორებინეთ იმ მუქარებით, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს ერთადერთ პოლიტტექნოლოგიად. საერთოდაც ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც იყენებ პოლიტტექნოლოგიად, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარია არჩევნებში გამარჯვება, არ შეიძლება იყო ქვეყნის პირველი პირი.
დღეს მერაბმა, ისევე როგორც ოლიმპიელებმა და ფეხბურთელებმა დაამტკიცა, რომ ვართ ღირსეული ერი, წარმატებული ადამიანების ქვეყანა და ჩვენ ამ წარმატებაზე, ღირსებაზე და უფლებაზე ვისწრაფოდეთ ბედნიერებისკენ და ამის მომტან ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ევროპული გზა, უარს არ ვიტყვით.
სამაგიეროდ უარს ვიტყვით ყველაფერზე რაც ლახავს ჩვენ ღირსებას, რაც უკავშირდება წარსულის გაყალბებას და რაც არ არის მომავალში. ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის #4 ვფიქრობთ, რომ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ღირსებაზე, წარმატებაზე, ჩვენს ბედნიერებაზე და მომავალზე. ბიძინა ივანიშვილი მიგვათრევს რუსეთისკენ და ჩვენი ტრაგედიებისკენ. ჩვენ არ ვართ ტრაგედიების ერი. ჩვენ გამარჯვების და წარმატების ერი ვართ, ჩვენ გვინდა ბედნიერების მოპოვება და ჩვენ მას მოვიპოვებთ“,-განაცხადა მან.