ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არცერთ ზემოხსენებულ ფაქტთან მიმართებით დასავლელ დიპლომატებს, დონორ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არათუ რეაგირება არ მოუხდენიათ, კონკრეტული ფაქტების დაგმობის განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, წინასაარჩევნო პროცესში, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებასა და სხვა სახის დარღვევებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობოების და გარე ძალების დარღვევებთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.
„აქვე მსურს დავაანონსო, რომ 16 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება ქართული ოცნების ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ასახავს პერიოდს 2024 წლის 1 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის ქართული და ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ქართული ოცნების Facebook გვერდზე და იგი დაეგზავნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.“ – განაცხადა მიქანაძემ.