GD Banner
Uncategorized

შალვა პაპუაშვილი – ყველაზე დიდი ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს. ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს – ერთადერთი ხელისუფლება აღმოვჩნდით, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა ეროვნული ინტერესების დათმობის გარეშე

იშვიათია საქართველოს სხვა კუთხე, რომელსაც ამდენი ჭირ-ვარამი, შემოსევა, ნგრევა და ღალატი გადაეტანოს და მაინც ასე მტკიცედ, შეუპოვრად, ერთგულად მოეტანოს დღემდე ქართული სიტყვა, ქართული სული და ქართული შემართება,’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, გორში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო,  გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა, ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.

მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს ომებისა და ნგრევის ჩაკეტილ წრეში, რომელსაც ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების პოლიტიკით, როგორც იქნა, თავი დააღწია ქვეყანამ.

,,მოგესალმებით ქართლის გულში, სადაც ყველაზე მაგრად ძგერს საქართველოს მაჯისცემა – გამორჩეულად ვაჟკაცი, მშრომელი და ნიჭიერი ხალხის სამშობლოში. იშვიათია საქართველოს სხვა კუთხე, რომელსაც ამდენი ჭირ-ვარამი, შემოსევა, ნგრევა და ღალატი გადაეტანოს და მაინც ასე მტკიცედ, შეუპოვრად, ერთგულად მოეტანოს დღემდე ქართული სიტყვა, ქართული სული და ქართული შემართება. ყველა მომხდურმა იცის, რომ თუ საქართველოს დაზიანება გინდა, მისი ხერხემალი – შიდა ქართლი – უნდა გატეხო. ამიტომაც, კანონზომიერია, რომ სწორედ ამ მხარეში, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ორი ომის გადატანა მოუხდა საქართველოს – ომების, რომლებმაც სისხლიანი იარა დაგვიტოვა ჩვენც და ჩვენს მოძმე ოს ხალხსაც. 2008 წლის ეროვნული ტრაგედიის გამო, თქვენ, გორელებმა და შიდა ქართლის მკვიდრებმა, ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. რაც დრო გადის, უკრაინის ტრაგედიის ფონზე, მით უფრო აშკარა ხდება იმ საფრთხის მასშტაბი და რეალობა, რომლის წინაშეც ჯერ კიდევ ვდგავართ და საკმარისია ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა, ერთი შეცდომა, რომ ჩვენი ქვეყანა და ეს მხარე ხელახლა დაინგრეს და გაპარტახდეს; ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ შევიდეს ომებისა და ნგრევის ჩაკეტილ წრეში, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკით, როგორც იქნა, თავი დავაღწიეთ,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, ასევე ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. 

,,ამქვეყნად, ყველაზე დიდი სახელმწიფოებრივი გამჭრიახობა და ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს. ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს. ძნელია მშვიდობა, ძნელია შენება, რაც უკვე 12 წელია ჩვენი ხელისუფლების საზრუნავია. და სწორედ იმიტომ, რომ ვირჩევთ წინდახედულობას და არა თავქარიანობას, ვირჩევთ ჩვენი ხალხის ინტერესებით მოქმედებას და არა სხვა ქვეყნების ინტერესების  მსახურებას, ერთადერთი ხელისუფლება აღმოვჩნდით, ვინც შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა, ერთი მისხალი ეროვნული ინტერესის დათმობისა და უკანდახევის გარეშე. ოპოზიცია გარწმუნებთ, რომ ომები გარდაუვალია და ხელისუფლებების ამოცანა მხოლოდ ამ ომებისთვის მზადებაა. რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, ვერცერთ ომს, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ვერ ავიცილებდით. რომ ჩვენ არჩევანი მხოლოდ ჩაყოლასა და ჩათრევას შორის გვქონდა. ჩვენი მმართველობა კი ამის საპირისპიროს ამტკიცებს. მაშინ, როცა ჩვენს გარშემო კონფლიქტების ცეცხლის რკალია, წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ. ეს შევძელით იმიტომ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ვაქციეთ შესაძლებლობად და არა იარაღად მტრისა თუ მეგობრის ხელში. სწორედ ასეთია პოლიტიკურად შემდგარი სახელმწიფო და არა ის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას და მის აქტივისტებს უნდათ რომ დაგვაბრუნონ,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყნის გაერთიანებისკენ გზა მშვიდობაზე გადის და არა ომზე. ამიტომაც, 26 ოქტომბრის არჩევნები, მისი თქმით, უნდა იქცეს წყალგამყოფად, რომ აღარასოდეს საქართველო აღარ ჩაეფლოს მტრობისა და ღალატის მორევში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,051 ნახვა