„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.
„დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.