წალენჯიხის მაცხოვრებელმა დავით კაკაჩიამ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახი მამუკა ხაზარაძის მიერ მოტყუებული აღმოჩნდა.
მისივე თქმით, მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი და დაპირებული ორი ბინის ნაცვლად, ორ ოჯახს მხოლოდ ერთი ბინა გადასცეს.
„ჩემი ოჯახი მოტყუებული აღმოჩნდა იმიტომ, რომ რაღაც თაღლითური რაღაცა გააკეთეს. ჩემ ძმას ცალკე ნომერი ჰქონდა დედაჩემს და მე ცალკე ნომრები გვქონდა და ცალკე ვცხოვრობდით. მერე ჩემი ძმა ცუდად გახდა, შშმ პირია, წევს, თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. არ ვიცი როგორ ქნეს, დამირეკეს და ხელი მომაწერინეს ვითომ ერთად ვართ და ორი სახლის ნაცვლად მოტყუებით მოგვცეს ერთი“, – განაცხადა დავით კაკაჩიამ ჟურნალისტთან საუბრისას. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორი წლის წინ წალენჯიხაში ყოფილი კოლმეურნეობის შენობა შეისყიდა და შენობაში ათწლეულების განმავლობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საცხოვრებლების ყიდვას დაჰპირდა.