სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ მონღოლეთის უარს გამოეხმაურა.
კარიმ ხანის თქმით, რომის სტატუტს აქვს სპეციალური პროცედურა მსგავს საქმეებთან დაკავშირებით.
„თუ ხდება ასეთი შემთხვევები, როგორიცაა დაკავების ორდერის შეუსრულებლობა, მაშინ იმართება ყველა წევრი სახელმწიფოს კრება და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა კარიმ ხანმა.
განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმაც გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინა მუშაობს პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს, რომ ქვეყანა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს, შედეგებს იგრძნობს.
2 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონღოლელი კოლეგის მიწვევით მონღოლეთში ჩავიდა.
ვლადიმირ პუტინის მონღოლური ვიზიტი იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში, რომელმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. შესაბამისად, მონღოლეთი, რომელიც ხელმომწერია, პუტინის დაკავების ვალდებულება ჰქონდა.
თავის მხრივ, მონღოლეთის მთავრობამ პუტინის დაკავებაზე უარის თქმა, რუსეთის ენერგორესურსებზე მონღოლეთის დამოკიდებულებით ახსნა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის მარტში პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. ისინი უკრაინის ომის დროს ომის დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები.