GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე :

როგორც მოგეხსენებათ დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს. 

ვიდრე სიის წარდგენას შევუდგებით მინდა შეგახსენოთ განვლილი ოთხი წელიწადი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდი, რომელიც იყო აღსავსე ურთულესი გამოწვევებით ჩვენი ქვეყნისთვის. 

ყველას გახსოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარალელური ხმის დათვლის გაყალბება, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარება და პარლამენტის რამდენიმე თვიანი საბოტაჟი. ასევე ყველას გახსოვთ საბოტაჟის გარე მხარდაჭერა და 19 აპრილის გარედან თავსმოხვეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სამ მიზანს ისახავდა: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, სასამართლოზე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის დაბრუნებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე რადიკალური ოპოზიციის კონტროლის დამყარებას. ყველას გახსოვთ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაც, რამაც ქვეყნის განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნა და სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა. ყველას გახსოვთ შუალედში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღალატი, რასაც რადიკალური ოპოზიციის მფარველების გათვლით „ქართული ოცნების“ გუნდი უნდა ჩამოეშალა და ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე უნდა მიეყვანა. საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2012 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან. 

ყველას კარგად გახსოვთ 2022 წლის მოვლენებიც. უმძიმესი ზეწოლა, რომელიც ქვეყანამ და ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გამოიარა. ყველას გახსოვთ ღია მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, გახსოვთ მოთხოვნები სანქციებთან მიერთებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის შესახებ, რომელთა გარშემოც ქუჩაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები იმართებოდა. ყველას გახსოვთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ორი მოთხოვნის არშესრულების გამო, საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ, რამაც საზოგადოებაში მაშინ სერიოზული მღელვარება გამოიწვია.

მოგვიანებით, ყველას გახსოვთ სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ, რის საფუძველზეც, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობა სცადეს. ყველას გახსოვთ ურთულესი წელიწად ნახევარი, 2023 წლის დეკემბრამდე, რომლის განმავლობაშიც კანდიდატის სტატუსის თემა საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივების უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული. თუმცა, ისიც ყველას გახსოვთ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად ამ ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოვიდა და 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო. ასევე, ყველას გახსოვთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები, საუკუნის აფერა, უამრავი სიცრუე და ყალბი ბრალდება ლიბერალურ ფაშისტური და ბოლშევიკური კამპანია და თავდასხმები პარლამენტარებზე, რასაც მათ ღირსებით უპასუხეს.

რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი სრულიად თავხედურად რუსულ კანონად მონათლეს. არაფერია იმაზე ქართული, ვიდრე ზრუნვა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. 

სამი ათასი წლის მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს თვითმყოფადობა თავგანწირული ბრძოლითა და შრომით, სისხლითა და ოფლით შემოგვინახეს და მის შესანარჩუნებლად ჩვენი ბრძოლა და შრომა დღეს იქნება უკომპრომისო, როგორც არასდროს. 

ახლა, როდესაც კარს არის მომდგარი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს, ჩვენი საპარლამენტო გუნდის თითოეულ დეპუტატს გასული ოთხი წლის განმავლობაში გამოვლენილი თავდადებისთვის, პრინციპულობისთვის და პატრიოტიზმისთვის. რომ არა თქვენი პატრიოტიზმი, პრინციპულობა და თავდადება დღეს საქართველო იქნებოდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში. საქართველო არ იქნებოდა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს და საქართველოს არ ექნებოდა განვითარების ისეთი ფართო პერსპექტივა, როგორიც ჩვენს ქვეყანას აქვს დღეს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პარლამენტის წევრს ამისთვის. 

გასული ოთხი წლის მიღწევები არის იმის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში. გასული ოთხი წლის მანძილზე ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, 10 მილიარდი ლარით გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, 350 ათას ადამიანს დავეხმარეთ სიღარიბის დაძლევაში, შევქმენით 146 ათასი სამუშაო ადგილი და საქართველოსთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

ზუსტად ანალოგიურად 2030 წლამდე ჩვენ მყარად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ათობით მილიარდი ლარით გავზარდოთ ეკონომიკა და შესაბამისად გავზარდოთ ქვეყნის ბიუჯეტი, საბოლოოდ უნდა დავძლიოთ უმუშევრობა და სიღარიბე და საქართველო უნდა გავაწევრიანოთ ევროკავშირში. თქვენთან ერთად, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. 

ახლა კი თქვენი ნებართვით შევუდგებით „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენას.  ამ შემთხვევაშიც მოვლენათა შეხსენებით დავიწყებ. 

ყველას გახსოვთ 2011 წელი, სრული უიმედობა, ავტორიტარიზმი, არჩევნების გაყალბება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, მიტაცებული მედია, ომი და დაკარგული ტერიტორიები. სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ძლიერი გარე მფარველობით სარგებლობდა და რომლის შეცვლის იმედი საზოგადოებას უკვე სრულად ჰქონდა დაკარგული. სწორედ ამ დროს საზოგადოების წინაშე წარსდგა ადამიანი, რომელიც მანამდე ჩუმი ქველმოქმედებით იყო ცნობილი. 535 ეკლესიისა და მონასტრის აღდგენა-რესტავრაცია, 400-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა, ქართული ჯარის და პოლიციის მასშტაბური აღჭურვა და ინფრასტრუქტურის განვითარება, 300 კილომეტრზე მეტი დაგებული გზა და ხიდების რეაბილიტაცია, მასშტაბური პროექტები სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და აღჭურვა, საჩხერის საავადმყოფოს მშენებლობა, რომლის მომსახურებითაც ყოველწლიურად 45 000 მოქალაქე სარგებლობს, თბილისის ზაქარია ფალიშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის, თბილისის ფილარმონიის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, უნიკალური საკონცერტო სივრცის ბლექსი არენას მშენებლობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სხვა მუზეუმების, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის, მრავალი თეატრის, კულტურის ცენტრის, გასართობი პარკის, კინო-თეატრისა და ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. უამრავი სახელოვნებო პროექტის, ფესტივალის, კონცერტის, გამოცემის, სამეცნიერო კვლევისა და ექსპედიციის დაფინანსება. 14 სპორტული ფედერაციისა და ექვსი კლუბის ეკიპირება და ფინანსური მხარდაჭერა, რაგბის განვითარებისთვის გაღებული 100 მილიონიანი ინვესტიცია და ათი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, საფეხბურთო სტადიონებისა და ბაზების რეკონსტრუქცია, დიდველის სამთო-სათხილამურო კომპლექსის შექმნა, ხელოვნებისა და სპორტის ასობით მოღვაწის სისტემატური მხარდაჭერა, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების რეაბილიტაცია, მრავალი მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. ეს იმ საქმეთა მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელიც ერთმა ადამიანმა საკუთარი სამშობლოსთვის მხოლოდ 2012 წლამდე აკეთა. მის მიერ დღემდე განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების სრული ჩამონათვალი ბევრად უფრო ვრცელია, თუმცა ასეთი მასშტაბის ქველმოქმედების ფონზეც კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის მთავარი ქველმოქმედება მაინც მისი პოლიტიკური ქველმოქმედებაა. რომ არა მისი შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა, კვლავაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნებოდა ხელისუფლების მიერ ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ერთი ხელიდან მართული მედია, არჩევნების გაყალბება, ომი და ნგრევა. რომ არა ამ ადამიანის გროსმეისტერული უნარი, რომლის წყალობითაც ჩვენმა ქვეყანამ მთელი ამ წლების მანძილზე ბეწვის ხიდზე იარა, რათა მშვიდობა და  დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა. დღეს რომ საქართველო არის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო, დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, დღეს რომ საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დღეს რომ საქართველოს აქვს მშვიდობა, პირველ რიგში, ეს არის სწორედ ამ ადამიანის დამსახურება. 

ვფიქრობ, არ გაგიჭირდებათ ჩვენი სიის პირველი ნომრის გამოცნობა, მინდა სცენაზე ვთხოვო დიდი პატივისცემით, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. 

„ქართული ოცნების“ გუნდს, ჩემს თანაგუნდელებს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო სიის მეორე ნომრად ჩემი დასახელებისთვის, დიდი მადლობა.

საარჩევნო სიის მესამე ნომერი არის ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გასული ოთხი წლის მანძილზე ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იდგა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ მიაღწია გამორჩეულ შედეგებს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. სცენაზე ვთხოვ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. 

დღეს ვრცლად  ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა გასული ოთხი წლის მანძილზე გამოიარა. სირთულეების მიუხედავად მეათე მოწვევის პარლამენტი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარლამენტი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში და ეს წარმატება კონკრეტულმა ადამიანებმა შექმნეს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია ადამიანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული პრინციპულობით, სამართლიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით, ღრმა განათლებითა და ერუდიციით. სცენაზე ვთხოვ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს. 

საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს ასევე საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც უკვე მერვე წელია ძალიან დიდი წარმატებით უძღვება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საქმიანობას. გარდა ამისა, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი მას უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის ჩვენი პარტიის გაძლიერებაში. პატრიოტიზმი, პრინციპულობა, განათლება, გამოცდილება არის ის თვისებები, რომელიც ამ ადამიანს გამოარჩევს. სცენაზე ვთხოვ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს და პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ბატონ მამუკა მდინარაძეს. 

საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი პოლიტიკოსი, ყველაზე სტაჟიანი მინისტრი, რომელიც წლების მანძილზე ძალიან დიდი წარმატებით ემსახურა სახელმწიფო მმართველობის ორ ერთმანეთისგან სრულად განსხვავებულ მიმართულებას. საქართველოს პარლამენტში მისი შესვლა განსაკუთრებულად ეწყინებათ ჩვენს რადიკალ ოპონენტებს, რადგან პოლიტიკურ პოლემიკაში მასთან ყველა ოპონენტი სრულად უძლური და უსუსურია. ეს არის ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და რომელსაც მას შემდეგ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წარმატებაში. სცენაზე ვთხოვ თეა წულუკიანს. 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი არის ადამიანი, რომლის წარსადგენად მხოლოდ მისი პროფესიული მიღწევების ჩამოთვლაც სავსებით საკმარისია, თუმცა, პროფესიულ მიღწევებთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს თავისი ქვეყანა და ამ სიყვარულითა და დაუღალავი შრომით უდიდესი სიამაყისა და სიყვარულის განცდა აქვს არაერთხელ მონიჭებული თითოეული ჩვენგანისთვის. სცენაზე ვთხოვ 3 გზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 7 გზის მსოფლიო ჩემპიონს და 7 გზის ევროპის ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია ნამდვილი ლეგენდის ჩვენთან ერთად ყოფნა. მადლობა ლაშას ამისთვის. 

ჩვენი საარჩევნო სიის მერვე ნომერი არის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. მას დამთავრებული აქვს იტალიაში ბოკონის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, ეკონომიკის ევროპული სკოლის მაგისტრატურა, მან შექმნა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, რომელშიც დასაქმებულია რამდენიმე ასეული ადამიანი და რომელმაც გადაამზადა რამდენიმე ათასი ახალგაზრდა, რომლებიც დღეს წარმატებით ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას და თანამშრომლობენ წარმატებით როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებთან. სცენაზე ვთხოვ ჩვენი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრს, ვახტანგ თურნავას. 

როგორც მოგეხსენებათ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. საარჩევნო სიის მეცხრე ნომერია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული წევრი, რომელსაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. სცენაზე ვთხოვ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური საბჭოს წევრს, მაკა ბოჭორიშვილს. 

ჩვენი საარჩევნო სიის მეათე ნომერია ადამიანი, რომელსაც ასევე არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. მას გამოვლილი აქვს რთული დღეები ცხოვრებაში მათ შორის, ბავშვობაში 3 თვიანი ტყვეობა ცხინვალის რეგიონში. თუმცა, ეს სირთულეები მისთვის აღმოჩნდა მხოლოდ მოტივაცია იმისათვის, რომ საკუთარი შრომით უდიდესი წარმატებებისთვის მიეღწია. სცენაზე ვთხოვ ოლიმპიურ ჩემპიონს, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს, ოლიმპიადის ყველა სინჯის მედლის მფლობელს, გენო პეტრიაშვილს. 

ჩვენი საპარლამენტო გუნდის ათამდე წევრმა ორი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა დამოუკიდებელი მოძრაობა, იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ მეტი ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეტი სიმართლე საზოგადოებას მათაც საკმაოდ მოზომილად გაუზიარეს, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საარჩევნო სიის მეთერთმეტე ნომრად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც მთელი მისი საქმიანობის მანძილზე ემსახურებოდა საკუთარ ქვეყანას და სიმართლეს, იქნება ეს სახალხო დამცველის პოზიციიდან, მინისტრის თანამდებობაზე თუ პარლამენტში საქმიანობის პერიოდში. სცენაზე ვთხოვ ბატონ სოზარ სუბარს. 

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია  ტურიზმი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ვითარდება. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია, ადამიანი, რომელიც უკვე წლებია ამ დარგის განვითარებას ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობს. სცენაზე ვთხოვ საარჩევნო სიის მე-12 ნომერს, ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს მარიამ ქვრივიშვილს. 

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გასული ოთხწლიანი პერიოდი გამორჩეულად ნაყოფიერი იყო კანონშემოქმედების თვალსაზრისით. ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასრულებს ყველაზე დიდი მოცულობისა და მნიშვნელობის სამუშაოს საქართველოს პარლამენტში და ამ საქმის გაძღოლას განსაკუთრებული განათლება და კომპეტენცია ესაჭიროება. ამ თვისებებით ჭარბად არის დაჯილდოებული ჩვენი საარჩევნო სიის მე-13 ნომერი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბატონი ანრი ოხანაშვილი. 

საქართველოს პარლამენტში არის კიდევ ერთი კომიტეტი, რომლის საქმიანობასაც პარლამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომლის საქმიანობასაც გამორჩეული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ადამიანი უძღვება. სცენაზე ვთხოვ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს.

წარმოგიდგენთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის კიდევ ერთ ახალ წევრს, რომელიც ქართული ოცნების  დაფუძნების დღიდან გვერდში უდგას ჩვენს პოლიტიკურ გუნდს,  სცენაზე ვთხოვ ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, ქალბატონ  ეკა ჭიჭინაძეს. 

საარჩევნო სიის მეთექვსმეტე ნომერი არის კიდევ  ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც უკვე წლებია სამშენებლო ინდუსტრიაში წამყვან პოზიციებს  იკავებს, მას განათლება მიღებულია აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტში  და ლონდონში,  კასის ბიზნესის სკოლაში, სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა  საინვესტიციო-საბანკო  სექტორში ნიუ იორკსა და ლონდონში, ის არის კომპანია ბიქეი  ქონსთრაქშენის დამფუძნებელი  და აღმასრულებელი დირექტორი. სცენაზე ვთხოვ ჩვენი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრს შოთა ბერეკაშვილს. 

საარჩევნო სიაში მეჩვიდმეტე  პოზიციაზე წარმოგიდგენთ  საპარლამენტო გუნდის კიდევ ერთ ახალ სახეს, რომელიც უკვე მერვე წელია ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქტიურად უდგას გვერდში, ის არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის  მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპათმცოდნეობის  დოქტორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი,  უკანასკნელ ხელმძღვანელობდა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს, სცენაზე ვთხოვ ჩვენი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრს  ლევან მახაშვილს.

საარჩევნო სიის მე-18 ნომერია საპარლამენტო გუნდის წევრი, რომელსაც თავის დროზე ქართული საზოგადოება ძირითადად თავისი სპორტული მიღწევებით იცნობდა. ის იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი და არის სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი. თუმცა, დღეს მას ყველა უკვე სტაჟიან პოლიტიკოსად იცნობს. ეს არის პატრიოტი და პრინციპული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მყარად და ბოლომდე იდგა ქვეყნის ინტერესების და სიმართლის სადარაჯოზე. სცენაზე ვთხოვ ჩვენი მეგობარი მოძრაობის, “ხალხის ძალის” კიდევ ერთ ლიდერს – ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. 

წარმოგიდგენთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის კიდევ ერთ ახალ სახეს: ის არის მაღალკვალიფიციური იურისტი მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილებით. ამასთან ერთად, ის არის გამორჩეული ხელოვანი და ერთგულად ემსახურება ქართულ ფოლკლორს და მრავალხმიანობას. სხვადასხვა წლებში ის იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “რუსთავის” და “მართვეს” აღმასრულებელი დირექტორი, ის გახლავთ ანსამბლ “ბასიანის” სოლისტი, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორული სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე და საზოგადოება “ქართულის” ხელმძღვანელი. სცენაზე ვთხოვ ბატონ გიორგი გაბუნიას. 

და ჩვენი სიის მე-20 ნომერი. წარმოგიდგენთ ჩვენი საპარლამენტო გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრს. ის არის ფსიქოლოგი და საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს პროფესიული საქმიანობის მრავალფეროვანი სტაჟი. 2019 წლიდან პროფესიული გამოცდილება შეიძინა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, გენერალურ პროკურატურაში, შსს-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ოჯახს. არის იმ კაცის შვილიშვილი, რომლის სახელიც განსაკუთრებული სიმძაფრით გვახსენებს ჩვენს ქართულ ოცნებას – დავბრუნდეთ აფხაზეთში და მშვიდობით და სიყვარულით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. სცენაზე ვთხოვ ჩვენი საარჩევნო სიის მე-20 წევრს, ლიკა შარტავას. 

ქალბატონებო და ბატონებო, როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის პირველი ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან.

დასასრულს, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,419 ნახვა