დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ არის გაცემული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში აშშ-ის დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების როლზე,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ წერს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებამ ქართული დემოკრატიის დაზიანებასთან ერთად, ქვეყანას, რეპუტაციული ზიანიც მიაყენა.
მისი თქმით, სწორედ მაშინ გაძლიერდა ცრუ ნარატივები ქართული დემოკრატიის უკუსვლის შესახებ.
,,ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის წევრების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ბოლოდროინდელი გამწვავება შეგვახსენებს, რომ არსებობს ერთი გარემოება, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ტვირთად აწევს და იმედგაცრუების საფუძველია: დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ არის გაცემული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში აშშ-ის დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების როლზე. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგები ოპოზიციისთვის არეულობის მოწყობის, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის და პარლამენტის ბოიკოტის საბაბად იქცა, რამაც ქართული დემოკრატიის დაზიანებასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას, რეპუტაციული ზიანიც მიაყენა. სწორედ მაშინ გაძლიერდა ცრუ ნარატივები ქართული დემოკრატიის უკუსვლის შესახებ.
დღეს, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ, არა მხოლოდ “სამართლიანი არჩევნები” ავრცელებდა, განზრახ, პარალელური დათვლის ცრუ შედეგებს, არამედ ეს იცოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) და უმალავდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს.
“სამართლიანი არჩევნების” იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე (რომელზეც გვარწმუნებდნენ, რომ გადაყენებით დაისაჯა), გადაყენებიდან მალევე, საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) მონტენეგროს ოფისში დასაქმდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, იგივე დონორი აფინანსებს, რომელიც “სამართლიან არჩევნებს”; USAID-ის მაშინდელი ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი კი, რომელმაც იცოდა და მალავდა, რომ ყალბი შედეგები ვრცელდებოდა, ერთ-ერთ ქვეყანაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი გახდა,’’ ,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი ასევე საუბრობს, იმჟამინდელი ელჩის შესახებ და აცხადებს, რომ საინტერესოა იცოდა თუ არა მან, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო. მისი თქმით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებული რეალური პრობლემებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ეხმარება სტრატეგიულ ურთიერთობებს.
,,ცალკე საკითხია, თუ რა იცოდა აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა, რომელსაც იმ პერიოდში შუამავლის როლი ჰქონდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. იმ პირობებში, როდესაც USAID სამთავრობო დაწესებულებაა და ფიზიკურადაც აშშ-ის საელჩოშია განთავსებული, რთულია იმის დაჯერება, რომ ელჩს ამ საკითხზე ინფორმაცია არ ჰქონდა. თუ დადასტურდა, რომ ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებული რეალური პრობლემებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, ისევე როგორც სენატს, აქვს ყველა ბერკეტი ამ საკითხის გამოსაძიებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ნაცვლად ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემისა, გვესმის ბრალდებები ცრუ ნარატივების გავრცელებაზე, რაც, სულ უფრო მეტად, ემსგავსება კრიტიკოსების გაჩუმების ტაქტიკას, ვიდრე სიმართლეზე ზრუნვას. საქართველო გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს ყოველთვის, როდესაც ეს მას დასჭირდა. ჰელსინკის კომისია ამერიკელი ხალხის სახელით გველაპარაკება. ჩვენც, როგორც საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, მოვუწოდებთ მას, ქართველი ხალხის სახელით, რომ გამოიძიოს ეს მწვავე საკითხი და დაადგინოს ჭეშმარიტება. ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლების მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხის ღია და დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა,’’ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.