არასწორი ნაბიჯი რომ გადაგვედგა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან არ გამოვსულიყავით, ისეთ მდგომარეობაში ვიქნებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინაა. „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორი უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებს კარგად გაეცნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატიას გამოეხმაურა.
„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თეთრზე შავს მეტყვის ჩრდილოელი, სამხრეთელი, დასავლელი თუ აღმოსავლელი. არასოდეს დავიჯერებ, რომ თეთრი შავია და ორჯერ ორი ხუთია. „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორს შევახსენებ მეორე ფრონტის თაობაზე. დახურულ კარს მიღმა ისეთი საუბრები იყო, რისი გარეთ გამოტანის უფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მაქვს, მაგრამ კარგად გახსოვთ, უკრაინის მაღალჩინოსნების პირდაპირი მოწოდებები – უშიშროების საბჭოს მდივნიდან დაწყებული, რომელი ერთით დამთავრებული. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, თითქოს ამით ტერიტორიებს დავიბრუნებდით. გახსოვთ, როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო. არასწორი ნაბიჯი რომ გადაგვედგა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან არ გამოვსულიყავით, ავმჩატებულიყავით, ეს როგორც „ნაცმოძრაობას“ სჩვევია, ისეთ მდგომარეობაში ვიქნებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინა არის. „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორი უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებს კარგად გაეცნოს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.