საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, ლევან ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, 100 დღის წინ ამბობდით, „არჩევნებამდე 100 დღით ადრე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არაჩვეულებრივი მოწყენილობა სუფევს.“ ახლა არჩევნებამდე 50 დღეღაა დარჩენილი და ვხედავთ, არჩევნების მოახლოების პირობებში პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ქართულ პოლიტიკურ სცენაზე აქტიურობენ, არამედ იმიტომაც, რომ მათივე მხრიდან ლამის ყოველ დღე კეთდება განცხადებები ოპონენტებზე, ისმის სხვადასხვა ბრალდებები და ასე შემდეგ. მოკლედ რომ თქვათ, პოლიტიკური ტემპერატურა არა მხოლოდ იწევს, პოლიტიკურ პროცესს აქვს მიღებული იმგვარი დინამიკა, რომელიც უამრავ საფრთხეებს შეიცავს. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე 50 დღით ადრე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?
– არჩევნებამდე 50 დღით ადრე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ტოქსიკური. წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად გამორიცხავს შინაარსობრივ, საგნობრივ დისკუსიებს. პოლიტიკური ძალები ნებისმიერ ოპონენტს მოღალატედ აცხადებენ და მოწინააღმდეგეთა სრული განადგურების მოწოდებით გამოდიან.
ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს პოლიტიკური დისკურსისთვის თვალის მიდევნების რესურსი აღარ აქვთ. რიგით მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ ამდენ სიყალიბესა და სიბინძურეზე, დაცინვასა და შეურაცხყოფაზე დაკვირვება. ნორმალურ ადამიანებს არ შესწევთ ძალა დაუსრულებლად უსმინონ უზომოდ თავდაჯერებულ, თვითდარწმუნებულ ლიდერთა პარალელურ მონოლოგებს.
არჩევნებამდე 50 დღით ადრე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ტოქსიკური. წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად გამორიცხავს შინაარსობრივ, საგნობრივ დისკუსიებს. პოლიტიკური ძალები ნებისმიერ ოპონენტს მოღალატედ აცხადებენ და მოწინააღმდეგეთა სრული განადგურების მოწოდებით გამოდიან
ამ ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ.
არავინ ითხოვს, რომ თხამ და მგელმა ერთ მდელოზე დაიწყონ მშვიდობიანი თანაცხოვრება. მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს უბრალოდ სურს, რომ პოლიტიკურ ჯგუფთა დაძაბული შეჯიბრი გამოქვაბულიდან ახლადგამოსული ველური არსებების ხოცვა-ჟლეტას არ დაემსგავსოს.
ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
– არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ გააქტიურებული არიან პოლიტიკური სუბიექტები. ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ხსნიან ოფისებს. მმართველი გუნდი კი რეგიონებში მრავალათასიან შეხვედრებს მართავს. და რადგან ასეა, საუბარი სწორედ მმართველი გუნდის აქტიურობით გავაგრძელოთ.
შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ასე აქტიურად ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არასდროს ყოფილა. მეტიც, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას პირადად ივანიშვილი უძღვება. მმართველი გუნდის მთავარი წინასაარჩევნო დაპირებებია – „მშვიდობა“, „ღირსებით ევროკავშირში“, „ნაციონალების“ გასამართლება და აგენტურის საშუალებით ქვეყნის გარედან მართვის დასრულება“.
მაგრამ, ამის პარალელურად გვესმის აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთი იმ ტიპის კრიტიკა, რომლის შემდეგაც რთულად წარმოსადგენია გარე სამყაროს ამ ნაწილთან ნორმალური ურთიერთობების პერსპექტივა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის ძირითად გზავნილებს, ივანიშვილის საარჩევნო ჩართულობას, აშშ-სა და დასავლეთის ისეთ კრიტიკას, რაც ქართლ პოლიტიკაში მანამდე ადგილი არასდროს ჰქონია?
– დღეს „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ სვლას გულისხმობს. ვფიქრობ, მმართველმა პარტიამ დიდი ხანია თავდასხმის ობიექტად აქცია მის მთავარ ლოზუნგში ჩამოთვლილი ოთხივე სიკეთე.
გვპირდებიან მშვიდობას, მაგრამ ქვეყნის შიგნით გამოუცხადებელი სამოქალაქო ომის პირობებს ქმნიან. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან საფრთხეს მოელის, უპირველეს ყოვლისა ეროვნულ ერთიანობაზე უნდა ფიქრობდეს, საზოგადოების წიაღში მოქმედ ყველა ძალასთან ზავს უნდა ესწრაფვოდეს, თუ მათთან დაზავებას ვერ ახერხებს, არსებულ კონფლიქტებს მაინც არ უნდა ამწვავებდეს.
დღეს „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ სვლას გულისხმობს. ვფიქრობ, მმართველმა პარტიამ დიდი ხანია თავდასხმის ობიექტად აქცია მის მთავარ ლოზუნგში ჩამოთვლილი ოთხივე სიკეთე
მხოლოდ მეტ-ნაკლებად შეკრულ, მუდმივი შიდა ბრძოლების მორევიდან გათავისუფლებულ ქვეყანას შეუძლია საერთაშორისო აგრესიის მოგერიება. ივანიშვილის გუნდი სწორედ ამის საპირისპიროდ იქცევა, ყველგან ქარიშხალს თესავს, ყველა ჯგუფი გადაიკიდეს, არავის ანგარიშს არ უწევენ, ისედაც დაყოფილი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დააქუცმაცეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოების წიაღში, სოციალურ ფენებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფის გარეშე მტრებისგან მომავალი საფრთხეების თავიდან აცილება შეუძლებელია.
მშვიდობის კიდევ ერთი გარანტი პარტნიორები არიან. ისინი შენს ნაცვლად ვერ დაიცავენ ქვეყანას, შეიძლება ბოლომდე გვერდით ვერ დაგიდგნენ, მაგრამ მტერმა უნდა იცოდეს, რომ მარტო არ ხარ და საერთაშორისო ასპარეზზე ვიღაც მაინც შეგაწევს სიტყვას. „ქართული ოცნება“ ჩვენს ქვეყანას მარტო ტოვებს, მოკავშირეების გარეშე. ირანი და „ჰამასი“, „ჰესბოლა“ და საუდის არაბეთი კავკასიაში მშვიდობის დამცვლებად ვერ გამოგვადგებიან.
მხოლოდ მეტ-ნაკლებად შეკრულ, მუდმივი შიდა ბრძოლების მორევიდან გათავისუფლებულ ქვეყანას შეუძლია საერთაშორისო აგრესიის მოგერიება. ივანიშვილის გუნდი სწორედ ამის საპირისპიროდ იქცევა, ყველგან ქარიშხალს თესავს, ყველა ჯგუფი გადაიკიდეს, არავის ანგარიშს არ უწევენ, ისედაც დაყოფილი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დააქუცმაცეს
სახელისუფლებო კამარილიის მეორე თეზისი ღირსებაზე სვამს აქცენტს. ერთ მაგალითს გავიხსენებ. რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანის ციხეებში ნაშიმშილები, ტუბერკულიოზით გატანჯული, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ დევნილად აღიარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – აფგან სადიგოვი საქართველოს მთავრობამ ალიევის რეჟიმის მოთხოვნით აეროპორტიდან მოაბრუნა და დააპატიმრა. ჩვენმა სახელმწიფომ ისიც კი ვერ გაბედა, რომ თავშესაფრის მაძიებელი, წამებისთვის განწირული მოქალაქე მესამე ქვეყანაში გაემგზავრებინა.
ჩემთვის ეს მაგალითი გამბედაობის, მკვეთრი ქრისტიანული და ადამიანური პოზიციის არქონის მკაფიო დემონსტრირებაა. რომელ ღირსებაზეა ლაპარაკი, როდესაც რამდენიმე წელიწადში ერთხელ აზერბაიჯანის ხელისუფლებას თბილისიდან ტყვეებს ვუგზავნით, რათა ჩვენი პატივსაცემი მეზობელი უბრალოდ არ გავაღიზიანოთ და მორჩილება დავუდასტუროთ.
კეთილდღეობაზე აღარაფერს ვამბობ. უმუშევრობა და სიღარიბე ყვავის ქვეყანაში. ამ წუთებშიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საპროტესტო შიმშილობის რამდენიმე კერაა შექმნილი, ადამიანები ელემენტარულს ითხოვენ ჭიათურაში, ბალდის კანიონთან და ხელისუფლება ყურსაც არ იბერტყავს. ჯანდაცვის სისტემა მონოპოლიებს აქვთ ხელში ჩაგდებული, ხალხს ნორმალური მკურნალობის საშუალება არ აქვთ.
ჩვენმა მკითხველმა ყველაფერი შესანიშნავად უწყის: საქართველო კეთილდღეობის სახელმწიფო არ არის, ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც რამდენიმე ასეული ოჯახი უფრო და უფრო მდიდრდება, დანარჩენი საქართველო კი ან გადარჩენისთვის იბრძვის, ან ქვეყნიდან გარბის.
საქართველო კეთილდღეობის სახელმწიფო არ არის, ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც რამდენიმე ასეული ოჯახი უფრო და უფრო მდიდრდება, დანარჩენი საქართველო კი ან გადარჩენისთვის იბრძვის, ან ქვეყნიდან გარბის
ევროპისკენ სვლის დაპირება კი უკვე აბსურდს ემსგავსება, დღედაღამ აგინებენ და ლანძღავენ დასავლეთს. თუ ასეთი საზიზღრობები ხდება ევროკავშირში, მისკენ რაღატომ მიილტვიან? ან რომელი კავშირი გაუღებს თავის კარს ქვეყანას, რომლის მთავრობაც ევროპელ ლიდერთათვის ცილისწამების შანსს არ უშვებს ხელიდან.
ერთი სიტყვით, „ქართული ოცნების“ გზავნილები ფარისევლური და ყალბია, მათში ლოგიკის აღმოჩენაც კი რთულია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის სტრატეგიულ მრჩევლებს ჩვენი საზოგადოება აზროვნების უნარის არმქონე ადამიანთა კრებულად მიაჩნიათ.
„ქართული ოცნების“ გზავნილები ფარისევლური და ყალბია, მათში ლოგიკის აღმოჩენაც კი რთულია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის სტრატეგიულ მრჩევლებს ჩვენი საზოგადოება აზროვნების უნარის არმქონე ადამიანთა კრებულად მიაჩნიათ
– რადგან მმართველი გუნდის მხრიდან თვალშისაცემია აშშ-სა კოლექტიური დასავლეთის კრიტიკა, კითხვას ასე დავსვამდი – რამდენად პრაგმატულია აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის იმ ტიპის კრიტიკა, რაც სახელისუფლებო გუნდიდან გვესმის?
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და მიზანი?
– აშშ-სა და ევროკავშირის დახმარების გარეშე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას ვერ შევძლებდით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარეგისტრაციო ვებგვერდით დაწყებული შრომისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობით დამთავრებული, ძალიან ბევრი რამ დასავლეთის მხარდაჭერით შევქმენით. საქართველოს დიდი ქალაქების წყლით მომარაგებას გერმანიის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების სოლიდარობის ხარჯზე ვახერხებთ. ჩვენს ჯარს იარაღის ნაცვლად მშვილდები და არბალეტები ექნებოდა, ნატოს პროგრამები რომ არ გვიმაგრებდეს ზურგს. როგორც აკაკი იტყოდა, „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები?“…
ამგვარი გამოცდილების მიუხედავად დასავლეთთან რომ ყველა ხიდს წვავ, ეს საქციელი პრაგმატულ ნაბიჯად ვერანაირ შემთხვევაში ვერ შეფასდება. პირიქით, ვფიქრობ, რომ საქართველო იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თავად არის მოკალათებული. ნელ-ნელა დასავლური პროგრამების შეჩერებას იგრძნობს საქართველოს ყველა სამინისტრო, ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა მოქალაქე.
დასავლეთთან რომ ყველა ხიდს წვავ, ეს საქციელი პრაგმატულ ნაბიჯად ვერანაირ შემთხვევაში ვერ შეფასდება. პირიქით, ვფიქრობ, რომ საქართველო იმ ტოტს ჭრის, რომელზეც თავად არის მოკალათებული. ნელ-ნელა დასავლური პროგრამების შეჩერებას იგრძნობს საქართველოს ყველა სამინისტრო, ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა მოქალაქე
ივანიშვილის მიზნებსა და ამოცანებზე ბევრჯერ გვისაუბრია. ქართველი ოლიგარქი ფიქრობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე საბოლოოდ მყარდება რუსეთის არაფორმალური, იმპერიული ძალაუფლება. ის მიიჩნევს, რომ დასავლეთი მოკვდა და ვერასდროს დაიბრუნებს გავლენას ჩვენს რეგიონზე. შესაბამისად, წინასწარ იჭერს თადარიგს, რათა, მისი რწმენით, ახალ გამარჯვებულთან სწრაფადვე დაამყაროს სასარგებლო ურთიერთობა, მალევე აუღოს ალღო „რუსულ სამყაროსა“ თუ ევრაზიულ თანამეგობრობაში ცხოვრების კანონზომიერებებს.
ამასთანავე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ხვდებიან, რომ კიდევ ოთხი წლით, მანიპულაციების საშუალებით ხელისუფლებაში დარჩენას ევროპა და ამერიკა „მწვანე შუქს“ ვერ აუნთებენ. შესაბამისად, მმართველი პარტია ცდილობს კავშირები გაამყაროს იმ ძალებთან, რომლებიც თავადაც ავტორიტარული რეჟიმები არიან და საერთოდ არ ანაღვლებთ დემოკრატიისა თუ ადამიანის უფლებების ბედი.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ხვდებიან, რომ კიდევ ოთხი წლით, მანიპულაციების საშუალებით ხელისუფლებაში დარჩენას ევროპა და ამერიკა „მწვანე შუქს“ ვერ აუნთებენ. შესაბამისად, მმართველი პარტია ცდილობს კავშირები გაამყაროს იმ ძალებთან, რომლებიც თავადაც ავტორიტარული რეჟიმები არიან და საერთოდ არ ანაღვლებთ დემოკრატიისა თუ ადამიანის უფლებების ბედი
ცხადია, არც ივანიშვილის პირადი კავშირ-ურთიერთობებისა და კოლოსალური ფინანსური რესურსების ბედის მნიშნველობა უნდა გამოვრიცხოთ. ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა და კაპიტალის სრულიად მოწყვეტა მისი წარმოქმნის არეალიდან ადვილი არ არის. ივანიშვილი რუსული ეკონომიკური წრეებისგან სრულად დამოუკიდებელი ვერასდროს გახდება.
– „ქართული ოცნების“ ინიციატივას სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს მართლმადიდებლობა, იმთავითვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა. ვითარებაში როცა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატია ხელმოწერილი, მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა კონფესიებთან შედარებით საკმაოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, ამ თემაზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება მოვისმინეთ.
ბევრი თვლის რომ ხელისუფლებას ეკლესიის დაქვემდებარება უნდოდა, მაგრამ, საპატრიარქომ წინააღმდეგობა გაუწია. რით დასრულდა ეს წამოწყება? საინტერესოა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ამ თემის აქტუალიზაციაზე თქვენი ვერსია…
– რამდენიმე უცხოელ მკვლევარს ჩემთვის უთქვამს, რომ საქართველოში ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსები სამოციქულო ეკლესიის მსახურები არიანო. ფაქტია, საპატრიარქომ ფაქტობრივად უარით გამოისტუმრა „ქართული ოცნება“, როდესაც კობახიძის გუნდმა ეკლესიას სახელმწიფო სტატუსი შესთავაზა.
ეკლესიის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს:
1) საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში მიიღო ყველაფერი, რაც კი მოისურვა. ჩვენს კონსტიტუციაში უკვე არსებობს მე-8 მუხლი, რომელიც სახელმწიფოებრივ სისტემაში ეკლესიის უნიკალურ და განსაკუთრებულ როლს განსაზღვრავს.
არსებობს კონკორდატი, რომელიც უმსხვილეს მიწათმფლობელად და მძლავრ ეკონომიკურ აქტორად აქცევს მართმადიდებელ ეკლესიას. ამაზე მეტის მოთხოვნის სურვილი მათ არასდროს არ ჰქონიათ. ახალი ფრაზის კონსტუტუციის მინდორში ჩამატება არც არაფერს შესძენს და არც არაფერს დააკლებს ლამის ორიათასწლოვანი უწყვეტი ისტორიის მქონე სტრუქტურას;
2) საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან შედარებით უფრო დემოკრატიული ინსტიტუტია. სინოდში ყველა ერთ აზრზე არ არის, არსებობს რამდენიმე, თითქმის თანაბარი ავტორიტეტის მქონე სიმძიმის ცენტრი, რომელთა შორის საკმაოდ მწვავე კონკურენციაა გაჩაღებული.
სინოდის ყველა ცენტრი არ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ 16 და 20 წლით დარჩება ხელისუფლებაში. მათ არ უნდათ, რომ წინასწარ გაიფუჭონ საქმე მომავალ ელიტებთან, ამიტომ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას არ ემორჩილებიან ოლიგარქის მითითებებს.
ზოგადად კი შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღიად სცადა ეკლესიის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. სასულიერო იერარქი რომ ვიყო, თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვიგრძნობდი. ოლიგარქი ქულების დასაგროვებლად სავაჭრო დახლების აღმართვას ცდილობს საქართველოს ეკლესიის შუაგულში.
„ქართულმა ოცნებამ“ ღიად სცადა ეკლესიის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. სასულიერო იერარქი რომ ვიყო, თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვიგრძნობდი. ოლიგარქი ქულების დასაგროვებლად სავაჭრო დახლების აღმართვას ცდილობს საქართველოს ეკლესიის შუაგულში
ათასობით წლის წინ ეკლესიაში აღმართული სავაჭრო დახლები იესო ქრისტემ დაარბია, ეს უზარმაზარი მნიშვნელობის ამბავი მორწმუნეთათვის დროისა და სივრცის მარწუხებით არასდროს ყოფილა შემოფარგლული და ყველა ეპოქაში შეიძლება განმეორდეს სრული სიმძაფრით.
– მმართველი გუნდის ლიდერები მუდმივად იმეორებენ, რომ მათ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რათა პრობლემების გარეშე შეძლოს თავისი გეგმების განხორციელება.
ამ თემაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა – „განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, მმართველ გუნდს ამისთვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება“.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობები საკმაოდ იძაბება, თუ დაძაბულობის იმიტაციაა ეს კიდევ საკითხავია. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ვიდრე უკრაინა-რუსეთის ომი არ დასრულებულა, ამ თემის აქტუალიზაცია პოლიტიკური ახლომხედველობის გამოვლინებას უფრო ჰგავს.
სავარაუდოდ, რას გულისხმობს „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, რომ ქვეყანა „ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოთ საქართველოს მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად“?
– 90-აიანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ყოველი არჩევნების წინ ყველა ხელისუფლება ცდილობს ტერიტორიული მთლიანობის კარტის გათამაშებას.
ამასწინად არქივში ვნახე 2003 წლის გაზაფხულის კადრები, სადაც პრეზიდენტი შევარდნაძე პარტიულ აქტივს ეუბნება, ბუშს ველაპარაკე, ერაყის პრობლემას გადავწყვეთ და მერე მოვიცლით აფხაზეთისთვისო.
ყველას შესანიშნავად გვახსოვს თბილისის საკრებულოს შენობაში შეკრებილი დევნილები, რომელთაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას პრეზიდენტი სააკაშვილი დაპირდა, მომავალი კენჭისყრის დროს თქვენ თბილი ზღვის სანაპიროზე იცხოვრებთ და სოხუმსა თუ გაგრაში გამოცხადდებით საარჩევნო უბნებზეო. საუბედუროდ, მათი პოპულისტური განცხადებები არასდროს ქცეულა რეალობად და ყოველ ამგვარ დაპირებას ხან რევოლუცია და ხან ომი მოჰყვებოდა ხოლმე.
რუსებს თავისი ნებით არავისთვის არასდროს არაფერი დაუბრუნებიათ და არც ივანიშვილის შემთხვევაში შეიცვლიან ნირს
ტერიტორიული მთლიანობა უცებ ვერ აღდგება, ამ თემაზე ასეთი პრიმიტიული მსჯელობა არასერიოზულია, ჯერ კონფლიქტების ტრანსფორმაციის მრავალათწლეულიანი პროცესი გვაქვს გასავლელი.
„ქართული ოცნება“ კვლავ მანიპულირებს და დაბალი დონის, იაფფასიანი პოლიტტექნოლოგიების საშუალებით ხალხს უნერგავს ყალბ რწმენას, რომ თითქოს მათი მლიქვნელური პოლიტიკა, უკრაინის ომთან დაკავშირებული ეიფორია რუსებს განზრახვაზე ააღებინებს ხელს. რუსებს თავისი ნებით არავისთვის არასდროს არაფერი დაუბრუნებიათ და არც ივანიშვილის შემთხვევაში შეიცვლიან ნირს.
– არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური სპექტრის სხვადასხვა ჯგუფები რომ საკმაოდ აქტიურობს რეგიონებში, ფაქტია. ოთხი ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ველზე კი აქტიურობს, მაგრამ მათ შანსებზე საუბარი აშკარად ჭირს. მათ აქტიურობაზე რომ სახელისუფლებო გუნდი მტკივნეულადაც კი რეაგირებს, ვხედავთ. თქვენ როგორ შეაფასებდით „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელია-ხოშტარია-გირჩი-ჯაფარიძის, „ლელოსა“ და გახარია გუნდების აქტიურობას, მაშ შანსებს და იმას, თუ რას უპირისპირებენ ისინი სახელისუფლებო წინასაარჩევნო პროპაგანდას?
– საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს ხანგრძლივი და სისტემური ბრძოლის უნარი არ აქვთ. ისინი ყოველთვის ელოდებიან სულ ბოლო რამდენიმე კვირას და ბლიცის რეჟიმში აგროვებენ პოლიტიკურ დივიდენდებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი შანსები უკიდურესად ბუნდოვანია.
ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაცებისა და ქოცების ბანაკებს მიღმა დარჩენილი ძალების სიძლიერეს, რათა ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლოს. ჩვენ გვჭირდება ბევრი პარტია პარლამენტში, ოღონდ არცერთს არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობა, რათა ერთი კლანისა და ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისგან გავთავისუფლდეთ. აქედან გამომდინარე, მთავარია გახარიამ და „ლელომ“ მოახერხონ ამომრჩეველთა მობილიზება, თორემ მიშისტები და პოსტ-მიშისტები (გვარამია-მელია) ადვილად გაიყოფენ ენმ-ის სტაბილური ელექტორატის ხმებს.
ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძე თავისი პოლიტიკური უუნარობიდან და მძიმე წარსულიდან გამომდინარე ვერ შეძლებს ადამიანების დარწმუნებას, მათ გულებში ცეცხლის დანთებას. მას ვურჩევდი, რომ განზე გადგეს, აღარ გამოჩნდეს, არ ჩაეწეროს საპარლამენტო სიაში, გზა მისცეს მისი ბლოკის სხვა ლიდერებს. ეს გადაწყვეტილება ერთი ორად გაზრდიდა „ძლიერი საქართველოს“ შანსებს.
გახარიას გუნდი უფრო დახვეწილი და თანმიმდევრულია, უბრალოდ, სახეზეა მწვავე დეფიციტი, კადრების დეფიციტი, თეონა აქუბარდია უფსკრულს ვერ ამოავსებს.
ოპოზიციის საშინელ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ლიდერები ხმას არ იღებენ ტექნიკური მთავრობის იდეის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა, ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა ადრევე შეამჩნია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი თითქმის ყველა პოლიტიკოსის მიმართ.
საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს ხანგრძლივი და სისტემური ბრძოლის უნარი არ აქვთ. ისინი ყოველთვის ელოდებიან სულ ბოლო რამდენიმე კვირას და ბლიცის რეჟიმში აგროვებენ პოლიტიკურ დივიდენდებს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი შანსები უკიდურესად ბუნდოვანია
მოქალაქეები ნატრობენ ივანიშვილისა და მისი ქვეშევრდომების ხელისუფლებიდან გასტუმრებას, მაგრამ ეშინიათ არ მიიღონ მთავრობა, რომელშიც ნიკა გვარამია გენერალური პროკურორი იქნება, მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრი და ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი. ასეთი შიშების გასაქარვებლად ქ-ნმა სალომემ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციონერი დაითანხმა, რომ პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ დროებით მთავრობას, რომელშიც პარტიული ლიდერები არ გაწევრიანდებიან.
ამგვარი მთავრობის ერთადერთი მიზანი იქნება საქართველოს დაბრუნება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. „ქართულ ქარტიაში“ წერია, რომ მოლაპარაკების გახსნისთანავე ტექნიკური, პოლიტიკოსების გარეშე შექმნილი მთავრობა დაიშლება და დანიშნავს ვადამდელ კენჭისყრას.
სამწუხაროდ, ოპოზიციონერები ჯერ არ მოკლული დათვის ტყავს იყოფენ და დაჟანგვისთვის წირავენ იარაღს, რომლითაც თავს გასული მხეცის მოცილება შეგვიძლია.
არადა, ტექნიკური მთავრობა ქართული საზოგადოებისთვის უცხო, ჯერ არნაცადი ხერხია და მას ბევრი ახსნა-განმარტება სჭირდება. მხოლოდ პრეზიდენტი, ოპოზიციონერთა ენთუზიაზმის გარეშე ფონს ვერ გავა.
– 50 დღის წინ წინანდელ ინტერვიუში თქვენ ამბობთ – „დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში“. ვაშინგტონში და ბრიუსელში საქართველოზე საკმაოდ მკაცრი განცხადებები კეთდება, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბევრად არც ადარდებს დასავლელი პარტნიორები რას ამბობენ. მათ ახლა, შესაძლოა, ყველაზე მეტად ის ადარდებდეს, აღიარებს თუ არა აშშ და კოლექტიური დასავლეთი 28 ოქტომბრის არჩევნებს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჩვენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ აქვთ. ან, მათი ხედვით, თუ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მოუწევთ მათთან ურთიერთობა. თუ ასე არაა, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი მოთმინებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და თუ შეიძლება ასე ითქვას, მკვეთრ მოძრაობებს არ აკეთებენ და სავარაუდოდ, არც გააკეთებენ?
– ვაშინგტონი და ბრიუსელი ქართველ ხალხსაც უწევენ ანგარიშს. მათ მიერ ერთბაშად მიღებულმა მკვეთრმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მძიმე დარტყმა მიაყენოს საქართველოს საჯარო, სამოქალაქო და მუნიციპალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. ისინი იცდიან, ვვარაუდობ, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე გამაფრთხილებენ ნაბიჯს კიდევ გადადგამენ. ზეწოლა არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში გაძლიერდება. ევროპელები და ამერიკელები ვერ გააკეთებენ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, მხოლოდ მათ არ უნდა შევყურებდეთ.
ევროპელები და ამერიკელები ვერ გააკეთებენ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, მხოლოდ მათ არ უნდა შევყურებდეთ
აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წინასაარჩევნო პერიოდია და ჩვენთვის არავის სცხელა, ევროპა კი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სამომავლო კონტურების გამოკვეთას ელოდება.
– საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სარჩენის განხილვა, რომლის მოსარჩელეები ითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის“ შეჩერებას. საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვაზე გვემის მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მოსარჩელეებისგან არ მოუსმენიათ არგუმენტები მიღებული კანონთან დაკავშირებით. უცნაური ისაა, რომ სახელისუფლებო გუნდისთვის ამ თემაზე ვენეციის კომისიის დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები მიუღებელი იყო.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა კანონის შეჩერებაზე, ეს რა სიგნალი იქნება ერთი მხრივ ჩვენი პარტნიორებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ეს გადაწყვეტილება რა გავლენას იქონიებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე?
– საკონსტიტიციო სასამართლოს დღეს ხელთ უპყრია ღვთის საჩუქარი. მათ თავიანთი გადაწყვეტილებით შეუძლიათ საზოგადოებასა და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ქართული დემოკრატია სიცოცხლისუნარიანია, საქართველოს ერთი ინსტიტუტი მაინც დგას პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა და შეუძლია მუყაითად მშრომელი ათასობით ორგანიზაციის გადარჩენა დაუმსახურებელი, დაუნდობელი მოპყრობისგან.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე, მაშინ ყველა დავინახავთ, რომ არცერთი დაწესებულების იოტისოდენა იმედიც კი აღარ უნდა გვქონდეს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო უარს იტყვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე, მაშინ ყველა დავინახავთ, რომ არცერთი დაწესებულების იოტისოდენა იმედიც კი აღარ უნდა გვქონდეს
კანონის შეჩერებაზე უარის თქმით სასამართლო წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ხელებს გაუხსნის საქართველოს ხელისუფლებას, რათა მათ ბოლომდე შეავიწროვონ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში არ ერევიან და მათი შევიწროვება მთავარ წინასაარჩევნო მოვლენად აქციონ.
– ლოზუნგი – „არჩევნებზე ქუდზე კაცი“, ჯერ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში იყო ნახსენები, შემდეგ ამ ლოზუნგს მმართველი პარტიის ლიდერები იმეორებენ. ამ საკითხში მათ არც ოპოზიციის ლიდერები ჩამორჩებიან.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერებისგან მოწოდება – „არჩევნებზე ქუდზე კაცი“?
– ივანიშვილს უჭირს. მას პარლამენტში სულ მცირე ასი დეპუტატი მაინც სჭირდება, რათა თავი მშვიდად იგრძნოს. ასეთი შედეგის მიღების წინაპირობები არ ჩანს. გადახედეთ მის დელეგატებს, არცერთი ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურა მის გვერდით არ დგას. შესაბამისად, მას მისი ამომრჩევლების სეგმენტის სრული, აბსოლუტური მობილიზება სჭირდება.
ამიტომ გამოვიდა ქუჩაში და ოზურგეთშიც კი დაჯავშნილი კაბინით გადაადგილდება, ამიტომ გამოიყვანა მან თავისი შვილი „ქართული ოცნების“ მიტინგზე და ბანერის მტვირთავად ჩააყენა პარტიული აქტივისტების, თუ არ ვცდები ვარკეთილელი ახალგაზრდების რიგში.
ოპოზიცია კი, სავარაუდოდ, ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის რჩევას. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის მიანიშნებს ქართველთა ერთ პოლიტიკურ გამოცდილებაზე – თუ კენჭისყრაზე ამომრჩეველთა დაახლოებით 65% გამოცხადდება, ხელისუფლების ცვლილება თავისუფლად შესაძლებელი ხდება. ადამინისტრაციული რესურსები და მანიპულაციები კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას. გამსახურდიამ და ივანიშვილმა სწორედ ამომრჩეველთა უპრეცენდენტო აქტივობის შედეგად მიაღწიეს მთავრობის საარჩევნო გზით ჩანაცვლებას. ერთი სიტყვით, გაყალბების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ამომრჩეველთა 65-70%-ის უბნებზე გამოცხადებაა.