GD Banner
პოლიტიკა

სამშვიდობო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ორგანიზაციების რეესტრში დარეგისტრირდებიან

სამშვიდობო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ორგანიზაციების რეესტრში დარეგისტრირდებიან.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ ორგანიზაციების რეესტრში დარეგისტრირება არ სურთ, თუმცა ფინანსური პრობლემების შექმნის შემთხვევაში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესი დაზიანდება.

“სამშვიდობო თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები საჯაროდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება სრულიად დაუმსახურებლად და შეურაცხმყოფელი ფორმით იწვევს ჩვენ სტიგმატიზებას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კანონი და მის მიღებასთან დაკავშირებული ვითარება აზიანებს ჭეშმარიტ სახელმწიფო ინტერესებს. ასე, კანონის მიღების შედეგად სახეზეა, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მღელვარება და პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის რეალური პერსპექტივა, მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების არნახული გაუარესება, რაც უარყოფითად უკვე აისახება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, მთელ რიგ თანამშრომლობით და დახმარების პროგრამებზე. გვაშფოთებს ყოველივე ამის შედეგად მოსალოდნელი პრობლემები, რაც ქვეყანას დაუდგება საყოველთაო სოციალური აპათიის, გაზრდილი ემიგრაციისა თუ დაქვეითებული კეთილდღეობის სახით.

მიმდინარე წლის 11 აპრილის განცხადებაში, რომელსაც ჩვენი ჩათვლით ხელს აწერდა 32 სუბიექტი, სხვასთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ, კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგებოდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში მიმდინარე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებთან კომუნიკაციის მრავალწლიანი და ფაქიზი პროცესი. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ გართულდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება გაიზიარებს ჩვენს შეშფოთებას და გააუქმებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მანამდე, იმედით დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის მოქმედების შეჩერებას. თუ ეს დროულად არ მოხდა, იძულებული ვიქნებით ვიხელმძღვანელოთ კანონით გათვალისწინებული ნორმებით და დავასრულოთ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ მოთხოვნილი რეგისტრირება შესაბამის რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური, პოლიტიკური, ლოგისტიკური თუ სამართლებრივი ბარიერების და რისკების გაცნობიერებით, მივიჩნევთ, რომ სერიოზული ზიანი მიადგება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს, რაშიც აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ორგანიზაციები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: „სტუდია რე”, „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ , „ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ , „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“ , პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ , „მეწარმე ქალთა ფონდი”, კავშირი „მომავლის ცხინვალი“ , ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის , ფონდი „აფხაზინტერკონტი“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა