GD Banner
Uncategorized

გიორგი იაკობაშვილი: „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დაწერაზე 50 ათასი ევრო დაიხარჯა, საბჭოს შეკრებაზე ახალი გრანტი გამოიყო – ვიღაცის უმსგავსობაზე ხომ უნდა ემსჯელათ და დაესაჯათ, ვიღაცამ იდეა წამოაყენა – ქარტიის არახელმომწერები განვსაჯოთ და დავსაჯოთო

„2009 წლის სექტემბერი იდგა, როდესაც სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ საქართველოში იქმნება „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. მაშინ საქართველოში პირველი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის „პრესა.გე“-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გახლდით. გამოვკითხე ჩემი თანამშრომლები და – პირველად გვესმისო. დავრეკე „რეზონანსში“, დავრეკე „ვერსიაში“, დავურეკე რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, ისეთებს, ჭკუა და ჟურნალისტური ეთიკა რომ მოეკითხებათ. არავინ არაფერი იცოდა, გაუკვირდათ – აზრზე არ ვართო. ნელ-ნელა გაირკვა ყველაფერი: „ჟურნალიტური ეთიკის ქარტია“ აღმოჩნდა არა უბრალოდ დოკუმენტი, არამედ ერთი არცთუ ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სოროსის ფონდის დაფინანსებით იქმნებოდა. თავად ქარტიის ტექსტი უკვე დაწერილი გახლდათ, თუმცა, როგორც ავღნიშნე, მის შესახებ არც მე და არც ბევრ სხვა ჟურნალისტს არაფერი სმენოდა. ამის გამო ჩემი რეაქცია იყო მკვეთრად უარყოფითი, დავწერე სტატია, სადაც ჩემი და ჩემი „ჭურში მსხდომი“ კოლეგების აზრი გამოვხატე.“,- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი მისი ავტორობით გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, სადაც მკითხველს „მესამე სექტორის“ საქმიანობის შესახებ რამდენიმე ეპიზოდს სთავაზობს.

ვრცელი სტატიის ერთ-ერთ ეპიზოდში სახელწოდებით „ ქარტია ჩვენი მესაჭეა“ იაკობაშვილი წერს, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დაწერაზე, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება დაახლოებით 50 ათასი ევრო დაიხარჯა. იაკობაშვილი იხსენებს, თუ როგორ და რატომ უთხრა მაშინ ქარტიის ხელმოწერაზე ია ანთაძეს უარი.

„ამის შემდეგ, ჟურნალისტმა ლელა კურდღელაშვილმა „ქარტიაზე“ სასაუბროდ „რადიოქალაქის“ პირდაპირ ეთერში მიგვიწვია „ქარტიის“ დედა, ია ანთაძე და მე, თქვენი მონა-მორჩილი და იქ გაირკვა, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შედგება 10 პუნქტისგან და მის დაწერაზე და შემდეგ ხელმომწერთა შეგროვებაზე დაიხარჯა (ვერ გამოიცნობთ!) დაახლოებით 50 ათასი ევრო (უფრო ზუსტად, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 47 ათასი ევრო).

მაშინ ვუთხარი ქ-ნ ანთაძეს, ქარტიას სწორედ იმიტომ არ მოვაწერ ხელს, მის შექმნაზე ამხელა თანხა რომ დაიხარჯა-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ამ 10 პუნქტის ჩამოწერა სულ რაღაც 10 ლარად შემეძლო. გაუკვირდა, ეგ როგორო?! „მე და კიდევ ორი-სამი წესიერი ჟურნალისტი ავიღებდით ორ-სამ ბოთლ ლუდს, ჩამოვსხდებოდით ვერის პარკში ბორდიურზე და ორ-სამ საათში ქარტია მზად იქნებოდა, ის კი, როგორც თქვენ იქცევით, მაფიქრებინებს, რომ ფულის საჭრელ მორიგ დაზგას ქმნით, სადაც არც ჟურნალისტიკაა და არც ეთიკა, ვიღაც ფულს ხარჯავს, მუსიკას უკვეთავს და მათ დაკრულზე ვინც იცეკვებს ამასაც კარგად ვხვდები-მეთქი“, – ვუთხარი ანთაძეს.“,- წერს იაკობაშვილი.

იაკობაშვილი წერს, რომ მოგვიანებით თავად ხელმომწერებისგან გახდა ცნობილი თუ რატომ გახდნენ იძულებულნი ქარტიაზე ხელი მოეწერათ.

„ ქარტიას ხელი 4 დეკემბერს მოეწერა, ხელმომწერთა რაოდენობამ 100-ზე ოდნავ მეტი შეადგინა (ცნობისთვის, 100-ზე მეტი ჟურნალისტი „კვირის პალიტრის“ ჰოლდინგში მუშაობს) და მათ დიდ უმრავლესობას რეგიონალური მედიის წარმომადგენლები შეადგენდნენ. საღამოს ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვისხედით აქეთ – მე და იქით – ქარტიის ხელმოწერის აღსანიშნავი საზეიმო ბანკეტიდან პირდაპირ გადაცემაში მოსული ათზე მეტი ხელმომწერი. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ძალები სულაც არ იყო არათანაბარი, უმალ პირიქით, რადგან მე ვამბობდი იმას, რასაც ვფიქრობდი, მათი გულწრფელობა კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეში იდგა. ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც სამი ოპონენტი სახლებში მანქანით ჩამოვარიგე და გზაში თითოეულმა მათგანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია როგორც ქარტიის შემქმნელები, ასევე დონორი. სხვა გზა არ გვქონდა, უნდა მოგვეწერა ხელიო. და თუ რატომ იყვნენ იძულებულები, ამაზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოკლედ მოგახსენებთ: არ მოაწერდნენ ხელს და გრანტებს ისევე ვერ იხილავდნენ, როგორც საკუთარ ყურებს. რეგიონული მედია გრანტების გარეშე, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ არის განწირული.“- წერს იაკობაშვილი.

ეპიზოდში სახელწოდებით „ქარტია ჩვენი მესაჭეა“ იაკობაშვილი იხსენებს, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ დაწერაზე გამოყოფილი თანხის გარდა, დამატებითი გრანტი „ქარტიის“ საბჭოს შეკრებისთვისაც გამოიყო. საბჭოს შეკრების შემდეგ კი ქარტიის არახელმომწერების განსჯის და დასჯის იდეა გაჩნდა.

„თითქმის ერთმა წელმა განვლო „ქარტიის“ ხელმოწერიდან, სანამ „ქარტიის“ საბჭო პირველად შეიკრიბა. რატომ არ იკრიბებითო, – რომ კითხეს, სახეზე სამყაროს სევდა გამოესახათ – საბჭოს რეგიონალ წევრებს ფული არ აქვთ, თბილისში ხომ უნდა ჩამოვიდნენ და ღამე ხომ უნდა გაათიონო? სადმე ხომ უნდა შეიკრიბონო? ტელეფონები ხომ უნდათო? კვებაც ხომ საჭიროაო? კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, სტეპლერი და ბაინდერი ხომ ჭირდებათო? და ა.შ. ყოველივე ამისთვის ახალი გრანტი გამოიყო, როგორც იქნა, შეიკრიბა საბჭო, მაგრამ რაღაცაზე, ვიღაცის უმსგავსობაზე ხომ უნდა ემსჯელათ და ხომ უნდა დაესაჯათ? აქ სერიოზულ პრობლემას გადააწყდნენ – საკუთარი ხელმომწერები უნდა განესაჯათ და დაესაჯათ, საკუთარი შვილებისთვის უნდა მოეჭრათ თავები და კუდები, ეს კი სერიოზულ სკანდალს გამოიწვევდა. ამიტომ ვიღაცამ იდეა წამოაყენა – ქარტიის არახელმომწერები განვსაჯოთ და დავსაჯოთო. რა შევუთვალე და როგორი სიტყვები გამოვიყენე, ამას ვერ გეტყვით, უზრდელობაა. ისინი მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რატომ უფრთხიან გამჭვირვალობას.“,- წერს იაკობაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა