ყოფილი დემოკრატი კონგრესმენი, ტულსი გაბარდი, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, კამალა ჰარისის CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც გაბარდი აღნიშნავს, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის ინტერვიუმ გამოავლინა მისი დაუცველი და სუსტი ხასიათი, რაც მარიონეტობისთვის შესანიშნავი თვისებებია.
გაბარდი ასევე წერს, რომ ჰარისი “საოცნებო პრეზიდენტი” იქნება იმ ძალებისთვის, რომლებიც დღეს აშშ-ს მართავენ, რადგან მისი კონტროლი ძალიან მარტივია.
“ჰარისის CNN-ის ინტერვიუმ გამოააშკარავა ის, როგორც დაუცველი და სუსტი, რაც, რა თქმა უნდა, სწორედ ის თვისებებია, რაც მას შესანიშნავ მარიონეტად აქცევს, რომელსაც აკონტროლებენ უსახო, ძალაუფლებისმოყვარე ომის მხარდამჭერები, რომლებიც ახლა მართავენ ჩვენს ქვეყანას. ის იქნება საოცნებო „პრეზიდენტი“ მარიონეტების ბატონებისთვის, რადგან მისი კონტროლი და მასზე ზეგავლენის მოხდენა ძალიან ადვილი იქნება.” – წერს ტულსი გაბარდი X-ზე. მან აღნიშნულ თემაზე “ფოქს ნიუსის” ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც იქნა, 39 დღის შემდეგ “დედოფალი კამალა კოშკიდან ჩამოვიდა, რათა ჩვეულებრივ ხალხს გაესაუბროს.” “ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ნათლად ცხადყოფს, რის დამალვას ცდილობდნენ. ჰარისი აღმოჩნდა ძალიან სუსტი, არასაიმედო, აშკარად არასიღრმისეული ნებისმიერ საკითხში და არც კი იცოდა, სხვადასხვა თემებზე რა უნდა ეთქვა ან გულწრფელად რომ ვთქვათ, რა გეგმები აქვს. ის წარმოჩინდა როგორც ადამიანი, რომელსაც ეშინია. რისიც მას ეშინია ის არის, რომ ჩვენ, ხალხი დავინახავთ რის დამალვას ცდილობს,” – განაცხადა ტულსი გაბარდმა “ფოქს ნიუსის” ეთერში.