„თუ არ ვცდები, 2014 წელი იყო, როდესაც ნაცების ლოყებღაჟღაჟა ომბუდსმენს, გიორგი ტუღუშს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და დღის წესრიგში ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხი დადგა. მსურველი იყო რამდენიმე, მათ შორის ერთი იურისტი, ენჯეოშნიკი ქალბატონი. ამ ქალბატონის მხარდამჭერ მოჟურნალისტო-მოენჯეოშნიკო ქალბატონს პირდაპირ ეთერში შეახსენეს – თქვენს პროტეჟეს მეზობელმა კონსულტაციისთვის რომ მიმართა (დრო, ადგილი, სახელი და გვარი დაუკონკრეტეს), უარით რატომ გაისტუმრაო. პასუხმა დაგვარწმუნა, რომ ადამიანის სიმდაბლესა და სიბრიყვეს მართლაც არ ქონია საზღვარი – კონსულტაციაზე უარი იმიტომ უთხრა, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია იმ დროს ასეთ პროექტს არ ახორციელებდაო.“,- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო For.ge-ის რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი მისი ავტორობით გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, სადაც მკითხველს „მესამე სექტორის“ საქმიანობის შესახებ რამდენიმე ეპიზოდს სთავაზობს.
ვრცელი სტატიის დასკვნით ნაწილში გიორგი იაკობაშვილი არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის ტაქტიკაზე წერს.
„ მართლაც, ხომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელთა დეკლარირებული მიზანი ადამიანებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვაა. წარმოიდგინეთ: მიდის უფლებადამცველი ენჯეოშნიკი ქუჩაში და ხედავს, რომ გამვლელმა რაღაცას ფეხი წამოკრა და წამოდგომას ვერ ახერხებს. როგორ იქცევა ჰუმანისტი ენჯეოშნიკი? წერს პროექტს გრანტის მოსაპოვებლად. პროექტის სახელწოდებაა „ხელი გავუწოდოთ კონკრეტულ ადამიანს“. პროექტს ახლავს ბიუჯეტი, რადგან ამ ადამიანის დასახმარებლად (აი, მის თვალწინ რომ წაიქცა), საჭიროა ოფისი, ტექნიკა, ხელფასი, ვიდეორგოლი, პუბლიკაციები მედიასა და სოციალურ ქსელებში, უნდა დაფინანსდეს კომუნალური ხარჯები, კომუნიკაცია, გადაადგილება, მივლინება და, რა თქმა უნდა, აუცილებელია უცხოელი ექსპერტი, რომლის ჩამოყვანაც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, პროექტი მზად არის. თუ არ დაუფინანსებენ, რატომ უნდა დაეხმაროს და თუ დაუფინანსებენ, წაიყვანს ოპერატორს, წამოაყენებს წაქცეულს, გადაღებულ კადრებს გაავრცელებს და ეს „ქეისი“ ამერიკის სენატის შემაჯამებელ ანგარიშშიც მოხვდება. ისე, თუ იმ საწყალს ამასობაში ვინმე დაეხმარება და პროექტის დასკვნითი ფაზის საჭიროება მოიხსნება, მართალია, სენატის ანგარიში აღნიშნულ პროექტს გვერდს აუვლის, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩამოვა რომელიმე სენატორი და დაგვამადლის, ეს რა მაგარი პროექტი დაგიფინანსეთო.“,- წერს იაკობაშვილი.
როგორც სტატიის ავტორი დასკვნით ნაწილში წერს, რთული მისახვედრი არ არის რატომ უფრთხიან გამჭვირვალობას „ნაცმოძრაობა“ და მასთან გათანაბრებული „ენჯეოები“.
„მართლა სულელები ვგონივართ თუ უბრალოდ ჩვენი სულელებად წარმოჩენა აწყობთ, ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ 2000-იანების დასაწყისში ერთი ევროპული ფონდის მიერ დაფინანსებული ბროშურა ჩამივარდა ხელში. ქართველებს გვასწავლიდნენ ფეხსაცმელზე თასმების შეკვრას, დანა-ჩანგლის ხმარებას, გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები უნდა დაიბანო, ჭამის შემდეგ ტუჩები უნდა მოიწმინდო, არ დააბოყინო, არ დაამთქნარო, წვინტლები არ ჩამოუშვა… რა ვიცი… ალბათ, დებილები ვგონივართ და იმიტომაც იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ მკვლელები, ქურდები, მოძალადეები, ფლიდები, უვიცები, უსაქმურები… ერთი სიტყვით, ნაციონალები და მათთან გათანაბრებულები – ენჯეოშნიკები, რომლებიც მაშინაც აქტიურად ერეოდნენ და დღესაც ღიად ერევიან პოლიტიკაში. რთული მისახვედრი არ არის, რატომ უფრთხიან ისინი გამჭვირვალობას. აბა, პარალელური დათვლის შედეგები მე გავაყალბე?! P.S. არ იფიქროთ, რომ ე.წ. მესამე სექტორი მხოლოდ პოლიტიკით არის დაკავებული და ენჯეოშნიკური საქმიანობისგან თავი შორს უჭირავს. წარმოგიდგენთ მათ მიერ შედგენილი „პოლიტკორექტული ტერმინოლოგიის“ რამდენიმე ტერმინს: საზოგადობიდან სეგრეგირებული (პატიმარი), ხარ-ძროხამართვის ოპერატორი (კოვბოი), მოქნილი განსახლების სუბიექტი (მაწანწალა), ჰორიზონტალურად ადვილად მისაწვდომი (მსუბუქი ყოფქცევის ქალი), მელანინით ბოლომდე დაუკომპლექტებელი (თეთრი რასის ადამიანი). P.P.S. თუმცა, დღემდე კათეტი კათეტერში ერევათ, ხოლო არტერიაში – არტილერია.“,- წერს გიორგი იაკობაშვილი.