GD Banner
Uncategorized

ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია მუშაობას აჩერებს- რუსული კანონი აფერხებს ჩვენს საგარეო კურსს! არ დავემორჩილებით, ეს არის ჩვენი პროტესტის ფორმა

აქტივისტების გაერთიანება „პროექტი ცხოველებისთვის“ რომელიც 4 წლის მანძილზე არსებობს, გამჭვირვალობის კანონის გამო მუშაობას არჩევნებამდე აჩერებს. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

“ვიმედოვნებთ, რომ ქართველ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს 26 ოქტომბერს და დავუბრუნდებით კარგი საქმეების კეთებას”, – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე.

მისი თქმით, ორგანიზაცია პანდემიის დროს შეიქმნა ქუჩაში მომრავლებული მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, შემდგომში კი, გადავიდნენ ისეთ პროექტებზე, რომელიც შეეხებოდა ადვოკატირებას, პოლიტიკის შეცვლას, ახალი კანონის ლობირებას და სხვ.

“2020 წელს, პანდემიის დროს დიდი პროექტი გვქონდა – რადგან ყველაფერი გაჩერებული იყო და მიუსაფარი ცხოველები შიმშილობდნენ, საკვები გავაგზავნეთ რეგიონებში მოხალისეობრივად. მთელი წელი ვკვებეთ ასე მიუსაფარ ცხოველები, რომ ეს რთული პერიოდი გადაეტანათ.
შემდეგ დავაფუძნეთ ორგანიზაცია. გარდა ინდივიდუალურად ცხოველების დახმარებისა, გადავედით ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეეხებოდა ადვოკატირებას, პოლიტიკის შეცვლას, ახალი კანონის ლობირებას და სხვა მსგავს საკითხებს”, – ყვება მარიამი.


“ჩვენი საქმიანობით დონორი ორგანიზაციები დაინტერესდნენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც NDI-ს ერთ-ერთ კვლევაში მე-3 ადგილზე დასახელდა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. სხვადასხვა დროს, გაერო-სთან, ევროკავშირთან, USAID-თან ერთად გავაკეთეთ სხვადასხვა პროექტები ადვოკატირებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ. ბოლოს ვიმუშავეთ პროექტზე, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკის გამოწვევებს ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით, იმ ჩავარდნებთან დაკავშირებით, რაც კანონმდებლობაში გვაქვს ამ მიმართულებით, შევადარეთ ევროპისა და ამერიკის პრაქტიკას, გადავამზადეთ 30-ზე მეტი რეგიონული აქტივისტი, გავაკეთეთ კვლევა და შევიმუშავეთ სახელმძღვანელო და ა.შ. მოკლედ, ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ”, – აცხადებს დამფუძნებელი..

თუმცა, მარიამ ცერცაძეს მიაჩნია, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ქვეშ მუშაობა პრინციპულად მიუღებელია და ევროინტეგრაციის შეფერხების გამო, დონორებს ვეღარ მიმართავენ დასაფინანსებლად. ისინი არჩევნების შემდეგ გააგრძელებენ ცხოველთა დახმარების მასშტაბური პროექტების განხორციელებას.


“რუსული კანონი აფერხებს ჩვენს საგარეო კურსს. გვაშორებს იმას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია და რაზეც მთელი საქართველო ვთანხმდებით, რომ გვინდა ევროკავშირისკენ და NATO-სკენ სვლა. კანონს, რომელიც ამ გზას გვაშორებს, ნამდვილად არ დავემორჩილებით, არ დავრეგისტრირდებით. ეს არის ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.


ჩვენ თავიდანვე სასტიკი წინააღმდეგები ვიყავით ამ კანონის და ვაპროტესტებდით. მე პირადად მთელი ცხოვრება ევროინტეგრაციის საკითხებზე ვმუშაობ, მათ შორის, ვიყავი საჯარო მოხელე და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული და ემოციურად მძიმეა ეს ამბავი. დონორებს უკვე ვეღარ მივმართავთ, რომ დაგვაფინანსონ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვაყადაღონ. რა თქმა უნდა, ცხოველების დახმარებას გავაგრძელებთ, მასშტაბურ პროექტებს, რასაც ვგეგმავდით, როგორც გვინდოდა და რამდენი კარგი გეგმაც გვქონდა, არჩევნებამდე ვეღარ გავაკეთებთ”, – ამბობს მარიამი.


ჯერ კიდევ 15 მაისს ორგანიზაციამ, სხვა ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებთან ერთად, გამოაქვეყნა რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადება.

წყარო: ნეტგაზეთი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,901,674 ნახვა