დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აღიარა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება დაგვიანებით შეძლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მე ვწუხვარ, რომ F-16-ების მიწოდებამ ამდენი დრო წაიღო. პირადად მე მზად ვიყავი უკრაინისთვის ისინი ომის დასაწყისში გადამეცა, თუმცა ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა იმის თაობაზე, სწორია ეს გადაწყვეტილება, თუ არა“, – თქვა ფრედერიკსენმა.
დანიის პრემიერმა არ დააკონკრეტა, თუ ვინ აფერხებდა თვითმფრინავების მიწოდებას, მაგრამ დარწმუნებით განაცხადა, რომ მთავარ ამოცანად დღემდე წარმოადგენს ის, რომ უკრაინამ დასავლეთისგან საჭირო შეიარაღება უნდა მიიღოს.
„გამარჯვება იარაღის გარეშე შეუძლებელია. და გამარჯვების ერთადერთი გზაა – მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება“, – დასძინა მან.
დანიის მთავრობის მეთაურმა აგრეთვე დაამატა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დანიური იარაღის გამოყენებაზე, მათ შორის თვითმფრინავებზე არანაირ შეზღუდვას არ უწესებს.
„ჩვენ F-16-ების გამოყენებას არ ვზღუდავთ. მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს. დანარჩენში შეზღუდვა არ არსებობს“, – განმარტა ფრედერიკსენმა.