GD Banner
ეკონომიკა

სოსო არჩვაძე- დინამიური ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, უმუშევრობის დონის შემცირება, დაბალი ინფლაცია ის მიღწევებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად განვითარებას, ინსტიტუციურ სიმყარეს და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას

„2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა აგრძელებდა დინამიურ ზრდას – ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს უკავშირდება დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება“-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდაში სულ უფრო მზარდი წვლილი შეაქვს როგორც საგარეო სექტორს, ასევე ტურიზმის სექტორსაც.

მისივე თქმით, სოლიდური წვლილი შეიტანა ასევე რეექსპორტმა, რომლის წილად მოვიდა ექსპორტის მთლიანი მატების 71.8 პროცენტი. ეკონომისტის თქმით, დინამიური ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, უმუშევრობის დონის შემცირება, დაბალი ინფლაცია, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის შთამბეჭდავი მატება – ის მიღწევებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად განვითარებას, ინსტიტუციურ სიმყარეს, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას და საქართველოს მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებთან ისტორიული ჩამორჩენის დაძლევის დინამიურ და შეუქცევად პროცესს.

„2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა აგრძელებდა დინამიურ ზრდას – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ივლისში გაიზარდა რეკორდულად მაღალი – 13.0 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის ივლისის მაჩვენებელს 35.8 პროცენტით გადააჭარბა. შედარებისათვის: საპროგნოზო მონაცემებით, აშშ-ის ეკონომიკა 2024 წელს გაიზრდება მხოლოდ 2.3 პროცენტით, ხოლო ევროკავშირისა – 1.1 პროცენტით. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.5-ჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში (2020-2024 წწ.) გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამჟამად ყოველი მილიარდი ლარის დამატებული ღირებულების წარმოებას საქართველოში შესადარ ფასებში მხოლოდ 7 დღე სჭირდება (შედარებისთვის: 2012 წ. – 7 დღე, 2000 წ. – 25 დღე). ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს უკავშირდება დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე (13.7%) შემცირება. ივლისში წინა წლის ივლისთან ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა, რაც საგრძნობლად ნაკლებია აშშ-ის (+2.9%) და ევროკავშირის (+2.6%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე. ამასთან, ინფლაციის 3/5-ზე მეტი განპირობებული იყო იმპორტირებული ნავთობის ფასის გაძვირებით (მართალია, 2024 წლის ივლისში ერთი გალონი ნავთობის ფასი წინა წლის ივლისთან შედარებით შემცირდა 1.3 პროცენტით, იმავე პერიოდში ადგილი ჰქონდა ლარის აშშ დოლართან 5.2-პროცენტიან დაცემას, რის გამოც აღნიშნული ფაქტორების კუმულატიურმა ნეგატიურმა ეფექტმა დაახლოებით 4.0 პროცენტი შეადგინა). მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ივლისში ინფლაცია წინა წლის ივლისთან აღემატებოდა ერთი წლის წინანდელს (1.8% vs. 0.3%), 305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის ივლისში წინა წლის ივლისთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 112 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე, რაც 12-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2023 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით შემცირდა 100 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე). ასევე, 12-თვიანი პერიოდისათვის ერთ პროცენტზე ნაკლებით ფასების მატება 2024 წლის ივლისში დაფიქსირდა 24 საქონელ-წარმომადგენელზე, რაც 4-ჯერ აღემატება 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ივლისში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 205 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა თვის ბრუნვამ – 14.8 მლრდ. ლარი (+19.8%) შეადგინა. ეკონომიკის ზრდაში სულ უფრო მზარდი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორსაც. – ივლისში საქართველოს ექსპორტმა ახალი რეკორდი დაამყარა, შეადგინა რა 684,6 მლნ. აშშ დოლარი. ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29.9 პროცენტით აღემატება (რუსეთის გარეშე ექსპორტის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო: +35.8%; რუსეთში ექსპორტი პირიქით, შემცირდა: – 7.1%). ექსპორტის საშუალო-სადღეღამისო მოცულობა 2024 წლის ივლისში 5.1 მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა ერთი წლის წინანდელს. აღსანიშნავია, რომ ივლისის ექსპორტი მნიშვნელოვნად აღემატება 2004 წლის ექსპორტის მთლიან მოცულობას, რაც ჩვენი ქვეყნის მსოფლიო მეურნეობრიობაში ჩართულობის ინტენსიფიკაციაზე მეტყველებს. – ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ეროვნული პროდუქტის მატების ყოველ ერთ პროცენტზე ექსპორტის 2.2-პროცენტიანი მატება მოდიოდა. მეორე თვეა, ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტემპი ასევე აღემატება 100 პროცენტს, ხოლო მისი ივლისის აბსოლუტური მოცულობა უდიდესია ბოლო 19 თვის მანძილზე. ივლისში ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 48.1 პროცენტი შეადგინა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 24 თვის მანძილზე.

ექსპორტის ზრდაში სოლიდური წვლილი შეიტანა რეექსპორტმა, რომლის წილად მოვიდა ექსპორტის მთლიანი მატების 71.8 პროცენტი. ივლისში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა, წინა თვეების ერთგვარი მდორე პროცესის შემდეგ, კვლავ დაიბრუნა დინამიკა და წინა წლის ივლისთან 38.5-პროცენტიანი ზრდა აჩვენა. მიუხედავად ასეთი ზრდისა, მისი წილი საქართველოს რეექსპორტში (66.1%) რამდენადმე დაბალია ერთი წლის წინანდელთან შედარებით (67.7%), რაც პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ცალსახად მეტყველებს საქართველოს რეექსპორტის დივერსიფიკაციაზე. ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს ტურიზმის სექტორსაც. 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა (+4.6%), ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობა (+5.0%) და გაღებული ხარჯების მოცულობა (+2.7%). ამასთან, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უცხოეთში ვიზიტების რაოდენობაც და შესაბამისი ხარჯების სიდიდე. თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2.7-ჯერ აღემატება საქართველოდან გასული ვიზიტორების რაოდენობას, ხოლო უცხოელები საქართველოში საშუალოდ დღე-ღამეში, სულ ცოტა, 2.6-ჯერ მეტს ხარჯავენ ჩვენი მოქალაქეების უცხოეთში ხარჯებთან შედარებით, ეს საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას ამ ასპექტით ტურისტული მომსახურების ექსპორტ-იმპორტში უფრო მეტად გაზარდოს დადებითი სალდო, რაც თვეზე გადაანგარიშებით უკვე თითქმის 350.0 მლნ. აშშ დოლარს აღწევს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა ივლისში 298.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ივლისის მხოლოდ 98,2 პროცენტია. შემცირება განპირობებულია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების კლებით (ივლისში წინა წლის ივლისთან შედარებით გზავნილები რუსეთიდან შემცირდა 28.5 მლნ. აშშ დოლარით – 1.6-ჯერ და მეტად). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობს ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ორნიშნა მატება (ჩარიცხვა: +10.1%, წმინდა ტრანზაქციები: +19.9%, რაც ზრდის ტემპით საუკეთესო მაჩვენებელია 2024 წლის თებერვლის შემდეგ). აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის ივლისში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 24.4 პროცენტიდან 15,3 პროცენტამდე. წმინდა ტრანზაქციების მხრივ რუსეთი მესამე ადგილზე „ჩააჩოჩეს“ აშშ-მა და იტალიამ. ამ ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციას ივლისში გადააჭარბეს, შესაბამისად, 7.4 მლნ. აშშ დოლარით და 5.5 მლნ. აშშ დოლარით. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა მხოლოდ ივლისში 1.7 მლრდ. ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.6 პროცენტით მეტია. მთლიანად, ბიუჯეტის შემოსავლებმა წლის პირველ შვიდ თვეში 12.7 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი 2012 წლის შემოსავლებს თითქმის 1.8-ჯერ აღემატება დინამიური ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი, უმუშევრობის დონის შემცირება, დაბალი ინფლაცია, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის შთამბეჭდავი მატება – ის მიღწევებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად განვითარებას, ინსტიტუციურ სიმყარეს, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას და საქართველოს მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებთან ისტორიული ჩამორჩენის დაძლევის დინამიურ და შეუქცევად პროცესს.“-წერს სოსო არჩვაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,770 ნახვა