სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აგენტურას აქვს აღებული მონოპოლია ოპოზიციონერობაზე, რაც უნდა დამთავრდეს და ქართული პოლიტიკა გაჯანსაღების გზას დაადგეს. ამიტომ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას! – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოზურგეთში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსიც კი არ აქვს და ქვეყნის გარედან მაშველი რგოლის გადმოგდების იმედად არის დარჩენილი, თუმცა, ნებისმიერი ასეთი ქმედება მათი აგენტობის კიდევ ერთი მტკიცებულება და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა იქნება.
„თავის მხრივ, ოპოზიციას წარმატების თეორიული შანსი რომ არ აქვს, ეს ყველამ კარგად იცის და იმის იმედად არის დარჩენილი, ვინ რა მაშველ რგოლს გადმოუგდებს ქვეყნის გარედან. თუმცა, ნებისმიერი მსგავსი მოქმედება, ეს იქნება ერთი მხრივ, მათი აგენტობის დამამტკიცებელი კიდევ ერთი მტკიცებულება დამატებითი, მეორე მხრივ კი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა. ამას, ჩვენ, გურულები, ქართველები არ გავატარებთ – ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. მთავარი ღირებულებაა დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის, რომლისთვისაც ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს ბრძოლას.“ – განაცხადა მდინარაძემ.