მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით სახელმწიფო ინსტიტუტები და მართლმადიდებლური ეკლესია არის სრულიად უსამართლო და მიზანმიმართული კამპანიის სამიზნე და ხდება ეკლესიაზე და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა. ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთხელ ასეთი ფაქტი განხორციელდა ეკლესიის წინააღმდეგ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო კონსულტაციები საპატრიარქოსთან იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში, გამყარდეს ეს ყველაფერი, მაგრამ არამც და არამც ეს არ ეხება რაიმე ფორმით ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კონსულტაციები გრძელდება და რა შეთანხმება იქნება მიღებული საზოგადოებას ეცნობება.
„გახსოვთ თქვენ, როდესაც პოლიტსაბჭომ გაასაჯაროვა ტექსტი და იქ ჩამოთვლილი იყო პუნქტები თუ რატომ ვთხოვთ ჩვენს ამომრჩეველს კონსტიტუციურ უმრავლესობას, იქ იყო მეოთხე პუნქტი, რომელზეც ვთქვით, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს კონსულტაციები და იქიდან გამომდინარე რა შეთანხმება იქნება, ამის შემდეგ უკვე საზოგადოებას ეცნობება. ეს კონსულტაციები გრძელდება, თუმცა საუბარი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციების განმტკიცებას, მისი როლის სათანადოდ და სრულფასოვნად აღიარებას საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხის, ჩვენი ყოფადობის წინაშე და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ არამც და არამც ეს კონსულტაციები არანაირი ფორმით არ გამოიწვევს, თუ კი გადაწყვეტილება შეჯერდება და იქნება მიღებული, რაიმე ფორმითაც კი არ გამოიწვევს ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას“, – განაცხადა მიქანაძემ.