საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
როგორც რატი ბრეგაძე წერს, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია.
„დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე, კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს.
სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს, რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით“, – წერს რატი ბრეგაძე.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება და სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.
ცნობისთვის, „მთავარმა“ გაავრცელა ინფოემაცია, რომ თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაცვლილი ნახეს. ტელეკომპანია იუწყება, რომ 28 წლის გოგო, თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა.