„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებების ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 86,9% დაიმსახურა, რითაც გადაუსწრო ევროპის საშუალო დონეს, რომელიც 86,85%-ით შეფასდა.
ოფიციალური განმარტებით, ინდექსი ასახავს იმას, თუ რამდენად თავისუფალია ხალხი ხელისუფლების მხრიდან წამებისგან, პოლიტიკური მკვლელობებისა და იძულებითი შრომისგან; დაცულია საკუთრების უფლება; ხალხი სარგებლობს გადაადგილების, რელიგიის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებით. შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში 9-ე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.
2012 წელს საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის უკანასკნელ სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად და მსოფლიოში 101-ე ადგილი ეკავა, შედგომ 11 წელიწადში კი საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 45 ადგილით გაუმჯობესდა. მიმდინარე შეფასებით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერობს, რეიტინგში უსწრებს ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის წევრ უნგრეთს და პოლონეთს. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება. Human rights index, 2023