GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დამნაშავე პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ალტერნატივა არ აქვს

დამნაშავე პარტიების აკრძალვა მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ისეთი დამნაშავე პოლიტიკური ძალა, როგორიც მოქმედებს საქართველოში „ნაცმოძრაობის სახით“.

„მკაფიოდ ითქვა ჩვენს განცხადებაშიც, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, არის ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში უფრო სწრაფად და მარტივად გაჯანსაღდება ურთიერთობები პარტნიორებთან. ამ კუთხითაც არის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. რაც შეეხება დამნაშავე პარტიების აკრძალვას, ეს არის მიღებული პრაქტიკა, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში. იცით, რომ ერთმანეთის მიყოლებით აიკრძალა პოლიტიკური პარტიები უკრაინასა და მოლდოვაში. შესაბამისად, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა და არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ისეთი კრიმინალური, დამნაშავე პოლიტიკური ძალა, როგორიც მოქმედებს საქართველოში „ნაცმოძრაობის სახით“. აქედან გამომდინარე, თუ სადმე შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უამრავი დანაშაული ჩაიდინა.

„მინდა, შეგახსენოთ დანაშაულები, რაც მათი ხელისუფლების პირობებში იქნა ჩადენილი: ეს იყო ადამიანების პირდაპირ, ქუჩაში მკვლელობა. მათი ხელისუფლების პირობებში 100-ზე მეტი ადამიანი ქუჩაში მოკლეს; ასევე იყო ადამიანების წამება არა მარტო ციხეებში, ციხეებს გარეთაც. მარტო ციხეებში მათ სასტიკ რეჟიმს, საშუალოდ, ყოველწლიურად 100-ზე მეტი ადამიანი ეწირებოდა; იყო ბიზნესის რეკეტი, რომელმაც შეიწირა ათეულობით ადამიანის კეთილდღეობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა; ტელევიზიების მიტაცება, რომელიც ხდებოდა აბსოლუტურად უხეში ფორმით. გახსოვთ, როგორ მიიტაცეს ჯერ საზოგადოებრივი მაუწყებელი, შემდეგ „რუსთავი ორი“, „იმედი“, სხვა ტელევიზიები. ესეც იყო მათი ერთ-ერთი დანაშაული. მთავარი დანაშაული დაკავშირებული იყო 2008 წლის ომთან, როდესაც მათ საკუთარი ავანტიურისტული ნაბიჯებით, დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი ნაბიჯებით ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური პარტია არ გასამართლდეს და როგორ შეიძლება, ჯანსაღად განვითარდეს პოლიტიკური სისტემა იმ პირობებში, როდესაც ასეთი დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტია დღემდე იწოდება ოპოზიციად?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლებას ალტერნატივა არ აქვს.

„სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის არც მშვიდობა. სწორედ ამ უსამართლობის გამო, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში ყოფნა, დღემდე ჩვენს ქვეყანას სრული მშვიდობა არ აქვს და მუდმივი არეულობის მცდელობის პირობებში ცხოვრობს. სამართლიანობა როდესაც დამკვიდრდება, აიკრძალება „ნაცმოძრაობა“ თავის სატელიტებით, მაშინ დამყარდება სრული მშვიდობა ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, როგორ „აპირებს „ქართული ოცნება“ დემოკრატიის იმიჯის შენარჩუნებას იმ პირობებში, როდესაც პარტიებს აკრძალვით ემუქრება“, კობახიძემ აღნიშნა:

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და დემოკრატიის ხარისხი საქართველოში თვისებრივად, ფუნდამენტურად აღემატება დემოკრატიის ხარისხს სხვა კანდიდატ ქვეყნებში. განსაკუთრებით, თუ შევადარებთ უკრაინას, მოლდოვას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ზოგიერთ სხვა ქვეყანას, თვისებრივად მაღლა ვდგავართ დემოკრატიის თვალსაზრისით. მეტიც, დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით, ევროკავშირის მრავალ ქვეყანაზე მაღლა ვდგავართ ყველა კუთხით, ყველა სფეროში, იქნება ეს არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი თუ მრავალი სხვა ასპექტი. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში 2012 წელს მოხდა დემოკრატიული გარდატეხა, დამკვიდრდა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ეს არის მთავარი მიღწევა. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს აკლია, არის ის, რომ არ შეიძლება, ამ დემოკრატიულ სისტემაში ოპოზიცია ერქვას დანაშაულებრივ, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას. როგორც კი ეს ხარვეზიც გამოსწორდება სისტემაში, მაშინვე შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას ეწოდოს სრულად ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა