„გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით, რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ, ან რაზე დასწყდათ გული“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც მათ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს უსაფრთხოების ზომების გამოყენებას ეხებოდა.
ნინო წილოსანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი სამიზნეა.
„ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების გარანტად რჩება. რა თქმა უნდა, არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტების მხრიდან თავდასხმების ობიექტია არა მხოლოდ კრიტიკის თვალსაზრისით, არამედ, სამწუხაროა, რომ უკვე დიდი რისკია მასზე ფიზიკური თავდასხმის და სხვადასხვა საშიშროების მიმართულებით.
ეს კარგად დაგვანახა, მათ შორის, საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და პოლიტიკოსებზე იმ თავდასხმებმა, რისი დიდი შესაძლებლობაც არსებობს, რომ საქართველოშიც განმეორდეს გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მათი ნომერ პირველი სამიზნეა, ხოლო ჩვენთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს.
რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების სპეციალური ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო“, – თქვა ნინო წილოსანმა.