ამ რთულ ჟამს, ჩვენი ხალხის სიბრძნით ზურგგამაგრებულები მტკიცედ დავდექით, ერთგული დავრჩით ჩვენი ქვეყნის ინტერესების და არ დავუშვით ქვეყნის საომარ ველად გადაქცევა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საფრთხეები არსად გამქრალა. ამიტომ, ამ არჩევნებზე ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს მშვიდობიან მომავლის ხედვას.
,,როცა ვსაუბრობთ ღირსებაზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას. უსამშობლო ძალები, იმასაც კი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე საუბარი სათაკილო გახადონ. მათ გასაგონად, ვინც სხვის დროშას იფიცებს და სხვის ჰიმნს იზეპირებს, მინდა ვთქვა: ეროვნული ინტერესები არის უპირველესი საზომი ყველა ღირსეული ერის, ღირსეული ქვეყნის და ღირსეული ხელისუფალის. ღირსებაა ჩვენი თვითმყოფადობა და მისი პატივისცემა, საკუთარი კულტურისა და ტრადიციების შეცნობა და გააზრება. ღირსებაა შენი წინაპრების ღვაწლის დაფასება. ღირსებაა შენი ოჯახის, მეგობრების, ქვეყნის სიყვარული. ღირსებაა გიყვარდეს შენი სამშობლო და მას აყენებდე ყველაფერზე მაღლა. ამიტომაც ჩვენი გზა არის და იქნება ღირსეული, რადგან ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს, უბრალოდ ფუჭია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.