მეგობრებო, 26 ოქტომბერს ისევ ეს ბოროტი ძალა უპირისპირდება ჩვენს ხალხს, ოღონდ ამჯერად უკვე, სახეცვლილი, ხელოვნურად გაყოფილი და გაშლილი მრავალ ფრონტზე, ხალხის დასაბნევად და მოსატყუებლად, ამ დროს ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული ძალა, არც ძველი და არც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ და არც სხვა ალტერნატიული ოპოზიცია თუ კოალიცია, მათი სახელი უცვლელია – ეს არის კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მცხეთაში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთიან ბოროტ და ანტიეროვნულ ძალას უწოდებს, რომლის მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება და პირადი ინტერესები. მანვე აღნიშნა, რომ დღეს, ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და რომ ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მიეცეს.
„მათი სურვილია ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი რეჟიმის შექმნა, ვიდრე მანამდე ჰქონდათ შექმნილი, სამუდამო დიქტატურის დამყარება და ხალხის ბოლომდე დაჩაგვრა და განადგურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გატარება და მათი მსახურება, ომი და ქაოსი…
ქართველმა ხალხმა ეს უბედურება უკვე გამოცადა, უკვე ნახა თუ რამხელა განსაცდელი მოაქვს საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე აგენტურის მმართველობას… ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისევ ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინამძღოლობით თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და აღარასოდეს აღარ უნდა მივცეთ ხალხის მჩაგვრელ ბოროტ ძალას ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის განადგურების უფლება!
სამწუხაროდ, დღეს, ისევ ეს ანტიეროვნული აგენტურა აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და გავიმეორებ, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება აღარ უნდა მივცეთ!
26 ოქტომბერს ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის! აირჩევს კოლექტიურ ომის პარტიას ან მშვიდობის პარტიას, აირჩევს ან უცხო ძალების მსახურ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველ, ძირძველი ტერიტორიების და მიწა-წყლის გამყიდველ ძალას, ან აირჩევს ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების მსახურ, მშვიდობიან განვითარებაზე მზრუნველ ძალას!
ისტორია გვასწავლის ბევრ მაგალითს, რომ ზოგჯერ ხალხი, უკეთესის ძიებაში ირჩევს უარესს, ამიტომ ჩვენ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება! დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ ჰყავს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთადერთ, პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი!“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.