საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ (OCCRP) და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელთა სახელით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის „რუსულ ქონებაზე“ ყალბი სტატია გამოქვეყნდა.
როგორც შატაკიშვილი აღნიშნავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ თავის საქმეს აკეთებს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციისა და ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ოფიციალური უწყებების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ანალიზის ერთობლიობით შეგვიძლია დავასკვნათ რამდენიმე ფაქტი და ნათლად ვთქვათ, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ რეალურად თავის საქმეს აკეთებს, გააკეთებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“-აღნიშნავს შატაკიშილი. შატაკიშვილი საუბრობს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რუსეთში არსებული ქონების შესახებ NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე და აცხადებს, რომ ეს სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. „აქცენტი მინდა გავაკეთო სწორედ NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობილ სტატიებზე, რომელიც მიზანმიმართულად არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი პოზიტიური რეიტინგის მქონე, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.
აქვე, მინდა ხაზი გავუსვა და ვთქვა, რომ გამჭვირვალობა არის ის მიზანი, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს ამოძრავებს და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ დავაზღვიოთ ყველა რისკი, გავატაროთ ყველა პრევენციული ღონისძიება იმისათვის, რომ ნებისმიერ აქტორს, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მათი დონორი ორგანიზაციები იყოს გამჭვირვალე, დეკლარირებული, დარეგისტრირებული და მათ შორის, ჩვენ, პოლიტიკოსებს ამხელა ძალისხმევა აღარ გვჭირდებოდეს იმისათვის, რომ განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ ვინ ვის მხარეს დგას და ვინ რას აფინანსებს“-განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.