GD Banner
ხელოვნება და კულტურა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება.

„როგორც ცნობილია, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (მთავარი ტაძრის) მულტიდისციპლინური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად, მიმდინარე ეტაპზე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპლექსურობიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სრული დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, გერმანული კომპანია „ქუადრექსის“ სპეციალისტები უაღრესად ფრთხილად და ზედმიწევნით პროექტის შესაბამისად ახორციელებდნენ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოებს.

ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოების საწყის ეტაპზე, ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტიდან გამომდინარე და ადგილზე გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, სამუშაოების წარმოების გეგმაში საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა, რამაც გავლენა იქონია სამუშაოების შესრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადებზე, მაგალითად, ერთიანი/დროებითი გადახურვის გარე პერიმეტრის მოსაწყობად, არ იყო დაგეგმილი ტაძრის არსებული დროებითი გადახურვების მოხსნა, ადგილზე, სამუშაოების დაწყებისას, გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა, გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან შეთანხმებით, მიიღეს გადაუდებელი გადაწყვეტილება მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის დროებითი გადახურვის საფარის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ამ, საკურთხევლის აფსიდის გადახურვის მონაკვეთში, თუნუქის დროებითი გადახურვა 100%-ით ეყრდნობოდა მხოლოდ მეტალის ხარაჩოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტაძრის სტრუქტურასთან. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა აფსიდის გარე ხარაჩოს მოხსნა ისე, რომ არსებული დროებითი გადახურვა შენარჩუნებულიყო, რომელიც ახალი ერთიანი/დროებითი გადახურვის კონსტრუქციის საძირკვლის ბეტონის ფილების ორი რიგის პერიმეტრში ექცეოდა. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, გერმანელი სპეციალისტების მიერ, საკურთხევლის თავზე დამატებით მოეწყო დროებითი საფარი, ვიდრე ძირითადი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია აიგებოდა (ფოტო N6, N7).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება.

ამასთან, კომპანია „ქუადრექსის“ ხელმძღვანელმა, სამუშაოების წარმოების ვადის გახანგრძლივების თხოვნით, ოფიციალური წერილით მიმართა გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს, რადგან აგვისტოს თვეში რეგიონში არსებული მძიმე (ცხელი და ტენიანი) კლიმატური პირობები ძალზედ რთული გადასატანი აღმოჩნდა გერმანელი სპეციალისტებისთვის. ამ ფაქტორმა ასევე დიდწილად შეაფერხა სამუშაოების წარმოების ტემპი.

გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, და მიიჩნია რომ დაგეგმილი სამუშაოების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “ქუადრექსი” დაასრულებდა გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკურთხევლის გადახურვის კონსტრუქციის მოწყობას.

შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელდა ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის, კონქისა და აფსიდის პროექტით გათვალისწინებული დროებითი გადახურვის მოწყობა (ფოტო N8, N9, N10, N11, N12). კათედრალის დანარჩენ სტრუქტურაზე, ახალი, ერთიანი დროებითი გადახურვისა და ასევე, მთელი კონსტრუქციის ვერტიკალურად დამცავი მაღალტექნოლოგიური მატერიის მოწყობის სამუშაოები, გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება არაუგვიანეს 2024 წლის 30

სექტემბრამდე, რომელსაც გადაებმება კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის მეორე ფაზის – გუმბათის გადახურვის სამუშაოები.

ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის – მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე.

მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის, რომელიც საზოგადოებიდან იგრძნობა და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ შეზღუდვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა