GD Banner
სპორტი

ირაკლი კობახიძე – 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა ოლიმპიური გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია, თუმცა წვლილი შეიტანა წარმატებაში, გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები და პერსონალი

50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პერსონალი.

„ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდით დგომას, გამხნევებას. სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, ერთმანეთს ამხნევებდით, ქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. დიდი მადლობა ყველას ამისათვის, მით უმეტეს, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არა ერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და, რა თქმა უნდა, ასეთი თანაგუნდელი როცა გყავს გუნდში, წარმატება უფრო იოლია. ასევე, მინდა, ცალკე ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით ბევრად მარტივია წარმატება. ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტულ ასპარეზობებზე მიღებულ პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული ფასი აქვს სახელმწიფო ჯილდოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, ხოლო პრიზიორები ღირსების ორდენს მიიღებენ.

„ჩვენი პრიზიორები, ჩემპიონები წარვადგინეთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ჩემპიონების შემთხვევაში, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, პრიზიორებისთვის – ღირსების ორდენი. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი.  მინდა, წინასწარ თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. ვფიქრობ, ეს არის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯილდოებს, რომელთაც თქვენ იღებთ სპორტულ ასპარეზობებზე, თუმცა სახელმწიფო ჯილდოს აქვს სხვა ფასი და, ვფიქრობ, მომავალშიც ამ ტრადიციას აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ყველას. მადლობა გადაგიხადოთ და მადლობა გადავუხადო ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩვენს ოლიმპიურ გუნდში. მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს უდიდეს წარმატებაში. მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, ოლიმპიურ კომიტეტს, პირადად, ბატონ ლერი ხაბელოვს ამ გამარჯვებასა და წარმატებაში მისი განსაკუთრებული წვლილისთვის. მადლობა ყველა ფედერაციას, რომელიც წარმოდგენილი იყო ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე იქნება წარდგენილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა