საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი.
მათივე თქმით, კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს გაწირვის ხარჯზე პატარა შვება მისცენ უკრაინის არმიას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
„თავს უფლებას ვაძლევთ ქართველი საზოგადოების გულისტკივილი გულწრფელად გაგიზიაროთ. დავიწყებთ იმ ყბადაღებული „გამჭვირვალობის კანონით“. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რატომაა უფრო მკაცრი ამერიკული, კანადური ან ფრანგული (სხვა ქვეყნების რეგულაციებზე რომ არაფერი ვთქვათ) ანალოგიური კანონი – სიკეთე და ქართული-დემოკრატიული უკუსვლა? კანონი, რომელიც ერთადერთს – წელიწადში ერთხელ ანგარიშის დეკლარირებას ითხოვს იმ ორგანიზაციებისგან, რომელთაც უცხო ქვეყნები, მათ შორის,თქვენც აფინანსებთ. თუკი ამ კანონში დასახვეწია რაიმე (ვთქვათ, ტერმინოლოგიური) ასპექტი, მაშინ, რატომ არ მიმდინარეობს თანამშრომლობა ჩვენს ხელისუფლებასთან დახვეწის პროცესისათვის და რატომ ისჯება ქართველი ხალხი და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება გამჭვირვალობის სრულიად დემოკრატიული კანონისათვის?
თუ არ გინდათ გასაჯაროება იმის, ვინ რისთვის ფინანსდება თქვენსავე სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, ეს თავისთავად სერიოზული პრობლემაა და ამგვარი ორმაგი სტანდარტები ქართველ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აჩენს. მეგობრები ასე არ იქცევიან ნამდვილად. ჩვენს ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ ამგვარად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ბარიკადებზე დგანან და ახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელიც მათ თქვენივე კანონმდებლობითა და რეგულაციებით აქვთ აკრძალული.
გამჭვირვალობის შესახებ მართლაც უწყინარი კანონი ვერანაირად ვერ გახდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირების მიზეზი. კანონი აქ არაფერ შუაშია და იგი მხოლოდ საბაბია ამ შემთხვევაში, მიზეზები კი ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების აცდენაში უნდა ვეძებოთ. პირდაპირ და ღიად ვიტყვით – ჩვენი აზრით, მთელი პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობამ არ დაიწყო ომი რუსეთთან და ამით გეგმები აურია თქვენი ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის ესკალაციითაა დაინტერესებული. ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ომში საქართველოს ჩართვა სასურველ კორექტივებს შეიტანს მიმდინარე საომარი მოქმედებების არასასურველ სცენარში. სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს ბოლო თვეებში განხორციელებულ წარმოუდგენელი მასშტაბის, სიხშირისა და ინტენსივობის უსამართლო თავდასხმებს ქართული სახელმწიფოსადმი, არც გამომწვევ, გარე-ჩარევებს ქვეყნის შიდა საქმეებში და არც ღია მხარდაჭერას თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიციისადმი, რომლებიც მზად არიან მეორე ფრონტის გასახსნელად. ასე მხოლოდ ჩვენ არ ვფიქრობთ, იგივე არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა აღნიშნა.
დარწმუნებულები ვართ, ბევრმა თქვენგანმა ზუსტად არც კი იცის, სადაა საქართველო და ზოგიერთს იგი ალბათ რუსეთისა და უკრაინის ტოლ ქვეყნად მიაჩნია. არადა, საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთი პატარა და უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც დღეს 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთთან რამდენიმე ომი გადავიტანეთ, რის შედეგადაც, დავკარგეთ ტერიტორიების 22% და დევნილად იქცა ჩვენი მოსახლეობის 15%. უფრო მეტიც, რუსეთის არმია დღეს ქვეყნის დედაქალაქიდან 30 კმ დგას და ნებისმიერი ჩვენი ცდა, დავუპირისპირდეთ საოკუპაციო ძალებს, დასრულდება ჩვენი სახელმწიფოს უსწრაფესი განადგურებით.
ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ გარემოებას, რომ სამხრეთ კავკასია, სადაც ქართველები ოდითგან ვცხოვრობთ, ისტორიულად იყო და დღესაც არის რეგიონული დიდი სახელმწიფოების: თურქეთის, რუსეთის და ირანის ინტერესების არეალი. მით უფრო დღეს, რეგიონში არსებული ფეთქებადსაშიში ვითარების გამო.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიცავს ნატოს ქოლგა, არც არავინაა დამხმარე ჩვენი თავის გარდა და ნუ გიკვირთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებამ გამორჩეული სიფრთხილე გვასწავლა და არ გვინდა დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესაწირი პაიკი აღმოვჩნდეთ.
ბუნებრივია, თქვენ არ ხართ ვალდებულები, შორეული საქართველოს პრობლემებში ერკვეოდეთ, მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, თქვენმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა და ექსპერტებმა კარგად იციან ჩვენს მიერ აღწერილი რეალობა. მაშინ რა გამოდის? – ყველამ იცის, რომ ომი რუსეთთან საქართველოს სახელმწიფოს განადგურებით დასრულდება და მაინც გვიბიძგებენ აქეთკენ? არ გვინდა ვიფიქროთ, რომ გარკვეულმა ძალებმა მიზნად დაისახეს საქართველოს გაწირვის ხარჯზე პატარა შვება მისცენ უკრაინის არმიას, მაგრამ ფაქტი ჯიუტია“, – წერია განცხადებაში.