ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ვენაში შესაძლო თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირების მიზანი „სისხლის აბაზანის“ მოწყობა იყო.
„ეჭვმიტანილებს რეალურად ჰქონდათ ძალიან კონკრეტული და დეტალური გეგმები, შეექმნათ აქ პარიზის, მანჩესტერის ან მოსკოვის მასშტაბის ტრაგედია კონცერტებზე, სადაც ხალხის დიდი რაოდენობა იქნებოდა და ასევე სურდათ, რომ სისხლის აბაზანა მოეწყოთ“, – აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.
შესაძლო თავდასხმების გამო ავსტრიაში მომღერალ ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა, რასთან დაკავშირებითაც ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია ორგანიზატორების აღნიშნული გადაწყვეტილება.
„კონცერტების დაწყებამდე „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელთა ჯგუფი განადგურდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა მიმდინარეობს გამოძიება იმის გასარკვევად, თუ ვინ არის ამ ჯგუფის წევრი. საშიშროების დონე მაღალია. ამიტომაც მესმის ორგანიზატორების გადაწყვეტილების ღონისძიების გაუქმების შესახებ“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა.
ავსტრიის კანცლერის თქმით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ მას და მის ორ თანამზრახველს თავდასხმის განხორციელება სურდათ და ამისთვის შეძენილი ჰქონდათ იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
„წარმოუდგენელია იმის გაფიქრებაც, თუ რა განუზომელი ტრაგედია დატრიალდებოდა, თუ გეგმა წარმატებით განხორციელდებოდა“, – დასძინა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა.
ცნობისთვის, დაკავებული პირები ეჭვმიტანილები არიან თავდასხმების დაგეგმვაში ვენის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც დიდი ღონისძიებები, მათ შორის, ტეილორ სვიფტის კონცერტებიც უნდა გამართულიყო.
პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული პირი ავსტრიის 19 წლის მოქალაქეა, რომელმაც „ერთგულების ფიცი“ დადო „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ივლისის დასაწყისში. ის ავსტრიის ქალაქ ტერნიცში დააკავეს. ხოლო მეორე პირის დაკავება ვენაში მოხდა.
ამასთან, პოლიციის ცნობით, 19 წლის ეჭვმიტანილი მოზარდის სახლში ქიმიური ნივთიერებები იქნა აღმოჩენილი.