საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე “ნაციონალური მოძრაობის” და თავად ყოფილი პრეზიდენტის უარყოფით რეაქციას აფასებს.
კირცხალიას განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სააკაშვილისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ სასჯელს შთანთქავს ის სასჯელი, რომლის მოხდაც უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ არსებობდა გარიგება, რომ უნდა მომხდარიყო ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება.
“ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ აღკვეთის ღონისძიებაში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის, რეალურად, ეს სასჯელი შთანთქავს ამ [საზღვრის კვეთის] სასჯელს. ერთადერთი, რისი ლეგიტიმური ეჭვიც გვიჩნდება არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება და ალბათ ეს ჩაეყარათ წყალში.” – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.