თანამედროვე ქართული პოლიტიკის დასავლური სტანდარტი, პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობას, წარმოაჩენს როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ და „დემოკრატიული“ პარტიების წინააღმდეგ მდგომს. სიმართლე კი გაცილებით კომპლექსურია, – ამის შესახებ ამერიკული ონლაინ-ჟურნალი Responsible Statecraft წერს.
როგორც სტატიაში – „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“ ვკითხულობთ, დღევანდელი ქართული პოლიტიკა არა რუსეთის ან დასავლეთის დაქვემდებარებაშია, არამედ განსაზღვრულია იმით, თუ რა წარმოადგენს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
„მოსკოვის მიდევნების ნაცვლად, ქართული პოლიტიკა ფაქტობრივად ასახავს იმას, რასაც CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსი უწოდებს „შუალედურ პოზიციას“, რომელიც არც რუსეთისა და არც დასავლეთის დაქვემდებარებაშია და განსაზღვრულია ოფიციალური შეხედულებით, თუ რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ეს, თავის მხრივ, ასახავს გლობალიზაციის მოვლენებს, რომლებიც დიდი ხანია, დასავლური კონტროლისგან გამოვიდნენ. საქართველოს საზღვრისკენ მიმავალმა, უზარმაზარ ახალ ხიდს ჩავუარე, რომელსაც ჩინეთი აშენებს. ვაშინგტონის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ასევე გააფორმა კონტრაქტი პეკინთან შავ ზღვაზე ახალი პორტის აშენებასთან დაკავშირებით.“ – წერს სტატიის ავტორი, ბრიტანელი ჟურნალისტი, ანატოლ ლივენი.
ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია დასავლელი პოლიტიკოსების მიერ ქართული რეალობის გათავისება, რადგან ოქტომბრის ბოლოს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, დიდი ალბათობით, საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისი იქნება, რომელშიც დიდი როლს შეასრულებენ აშშ და ევროკავშირი.
სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ დიდია ალბათობა, დასავლური ინსტიტუტების უმრავლესობამ ავტომატურად ოპოზიციის მხარე დაიჭიროს, რისთვისაც ნიადაგი უკვე მომზადებულია.
„აუცილებელია, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა ქართული რეალობა გაითავისონ, რადგან თამამად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველო ჩავარდება მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ღრმად იქნებიან ჩართული აშშ და ევროკავშირი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი და იმ ქართველებში, ვისთანაც ვისაუბრე, საყოველთაო აზრია, რომ თუ ხელისუფლება გაიმარჯვებს, პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია, შედეგების გაყალბების ბრალდებით, მასობრივ საპროტესტო მოძრაობას დაიწყებს, რითაც „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას შეეცდება.
ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლური ინსტიტუტების უმეტესობა, ავტომატურად დადგება ოპოზიციის მხარეს. ეს ნარატივი უკვე კარგად მიმდინარეობს ისეთი სტრიქონებით, როგორიცაა „ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ საქართველოში“ და „კრიზისი, რომელმაც ხელისუფლება დაუპირისპირა თავის ხალხს“. ეს გამონათქვამები გვთავაზობს, საქართველოს, როგორც დიქტატურას, რომელშიც „ხალხს“ არაფერი აქვს სათქმელი, გარდა ქუჩის პროტესტისა“, – აღნიშნულია სტატიაში.
ასევე საუბარია იმაზე, რომ დასავლეთმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებაც უნდა გაიხსენოს, როდესაც ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ შედეგები გაყალბდა, თუმცა, დასავლელი დამკვირვებლები მიუთითებდნენ, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა და შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა.
„ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ სამი თავისუფალი ეროვნული არჩევნები მოიგო. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ოქტომბერში გაყალბების შესაძლებლობას.
დასავლელ ოფიციალურ პირებს და კომენტატორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ოპოზიცია ასევე ამტკიცებდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თუმცა დასავლელი დამკვირვებლები ადასტურებდნენ, რომ არჩევნები თავისუფალი იყო (ხარვეზები იყო) და რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა.
დღეს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკეულ ოპოზიციურ პარტიას. თუ მთელი ოპოზიცია გაერთიანდება, მათ შეუძლიათ უმრავლესობის მოპოვება, მაგრამ განხეთქილება ოპოზიციის შიგნით არსებულ სხვადასხვა პარტიებს შორის, ამას ძალიან ართულებს“, – აღნიშნულია Responsible Statecraft-ის სტატიაში.