მედიის ცნობით, პარიზის ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენები აცხადებენ, რომ გაუსაძლის სიცხეში, კონდიციონერების გარეშე უხდებათ ცხოვრება, საკვები ვეგანურია და არის ქურდობის შემთხვევები.
ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ 2807 თვითგაგრილებად საცხოვრებელში კონდიციონერების აუცილებლობა არ იქნებოდა, თუმცა ისინი ცდებოდნენ.
The Times-ის ინფორმაციით, ოლიმპიადის ორგანიზატორები აპირებდნენ, რომ 2024 წლის თამაშები ყველაზე ეკოლოგიური ყოფილიყო ოლიმპიადების ისტორიაში. მათი გათვლებით, ყველა სფეროში პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა მწვანე მიდგომას, თუმცა 36 გრადუსიან სიცხეში პირიქით მოხდა და სპორტსმენებს გაუსაძლის პირობებში მოუწიათ ცხოვრება.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ გაუთვალუსწინებელი სიცხეების გამო, მათ უფლება მისცეს დელეგაციებს, თავად შეიძინონ, ან იქირაონ კონდიციონერები
ამასთან, ალჟირელი ნიჩბოსანი მედიასთან ამბობს, რომ ოთახში ვენტილატორი დაუდგეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ღამით ძალიან ცხელა, ფანჯრის გაღება კი არ შეუძლიათ, რადგან უამრავი კოღოა.
ავსტრალიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დასაფასებელია იდეა, რომელიც უარს ამბობს კონდიციონერების გამოყენებაზე ნახშირორჟანგის გამოყოფის გამო, თუმცა პარიზში შეჯიბრებისთვის ჩამოვიდნენ და პიკნიკზე სიარულს არ აპირებენ..
კომპლექსის ტერიტორიაზე ხშირია ქურდობა – სპორტსმენების ნაწილმა განაცხადა, რომ პირადი ნივთები მოპარეს. არგენტინის ნაკრების მწვრთნელის თქმით, მისი გუნდის სავარჯიშო ბაზა მთლიანად გაიძარცვა.
ამის შემდეგ სპორტსმენები გააფრთხილეს, რომ მოუფრთხილდნენ პირად ნივთებს და ნუ დატოვებენ მათ უყურადღებოდ.
სპორტსმენები ასევე ჩივიან კვების რაციონზე, რომელშიც ძირითადად ვეგანური პროდუქტებია და ხორცი მხოლოდ სოიოს იმიტაციით არის წარმოდგენილი.
ორგანიზატორები ყველანაირად ცდილობენ, აღმოფხვრან პრობლემები. მათი განცხადებით, ბაზაზე უკვე შეიტანეს დიდი რაოდენობით ხორცი და რძის პროდუქტები.