GD Banner
Uncategorized

სოსო არჩვაძე: მწარმოებლურობის, ექსპორტის, სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მობილიზების მიღწეული ისტორიული მაქსიმუმები წარმოადგენს არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის, არამედ მოწინავე ქვეყნებთან შესაბამისი ისტორიული ჩამორჩენის სწრაფი შემცირების პირობას

2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა აგრძელებდა დინამიურ განვითარებას – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ივნისში გაიზარდა 7.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს 36.0 პროცენტით გადააჭარბა. – ეს 2.5-ჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

არჩვაძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, დაბალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსის ფაქტობრივი სტაბილურობა ზრდიან პოზიტიურ კუმულატიურ მუხტს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციისათვის.

მანვე აღნიშნა, რომ მწარმოებლურობის, ექსპორტის, სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მობილიზების მიღწეული ისტორიული მაქსიმუმები წარმოადგენს არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის, არამედ მოწინავე ქვეყნებთან შესაბამისი ისტორიული ჩამორჩენის სწრაფი შემცირების პირობას და ეს განსაკუთრებით ფასეულია რთული საერთაშორისო ვითარებისა და მზარდი გამოწვევების ფონზე და ხაზს უსვამს საქართველოში მშვიდობიანი აღმშენებლობითი პროცესის უალტერნატივობას.

„2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა აგრძელებდა დინამიურ განვითარებას – საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის ივნისში გაიზარდა 7.5 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის ივნისის მაჩვენებელს 36.0 პროცენტით გადააჭარბა. – ეს 2.5-ჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს. ეკონომიკური ზრდა უზრუნველყვეს დარგებმა, რომლებზეც მოდის ქვეყნის ეროვნული პროდუქტის თითქმის 9/10. ამჟამად ყოველი მილიარდი ლარის დამატებული ღირებულების წარმოებას საქართველოში შესადარ ფასებში მხოლოდ 7 დღე სჭირდება (შედარებისთვის: 2012 წ. – 7 დღე, 2000 წ. – 25 დღე). მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით ამჟამინდელი მშპ აშშ დოლარებში პანდემიამდელს (2019 წ.) 48.8 პროცენტით, მათ შორის მოსახლეობის ერთ სულზე – 51.2 პროცენტით აღემატება. ივნისში წინა წლის ივნისთან ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ამასთან, მისი თითქმის 3/5 განპირობებული იყო იმპორტირებული ნავთობის ფასის გაძვირებით (2024 წლის ივნისში ერთი გალონი ნავთობის ფასი წინა წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა 5.6 პროცენტით, იმავე პერიოდში ლარის აშშ დოლართან 7.5-პროცენტიანი დაცემის პირობებში, რის გამოც აღნიშნული ფაქტორების კუმულატიურმა ნეგატიურმა ეფექტმა 13.6 პროცენტი შეადგინა).

მიუხედავად ამისა, ინფლაცია საქართველოში ივნისში მაინც ჩამორჩებოდა აშშ-სა და ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებლებს (ინფლაცია 2024 წლის ივნისში 2023 წლის ივნისთან: აშშ – 3.0%, EU27 – 2.5%%). სამომხმარებლო ფასების დონე ძირითადად ინარჩუნებდა სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ივნისში ინფლაცია წინა წლის ივნისთან აღემატებოდა ერთი წლის წინანდელ შესაბამის მაჩვენებელს (2.2% vs. 0.6%), 305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 129 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე, რაც 33-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2023 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 96 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე).

ივნისში ყოველდღიურად ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 184 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა თვის ბრუნვამ – 13.5 მლრდ. ლარი (+10.7%) შეადგინა. ეკონომიკის ზრდაში მზარდი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორსაც. ივნისში ექსპორტმა თვეზე გაანგარიშებით რეკორდულად მაღალი – 582.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ადგილობრივმა ექსპორტმა – 270.2 მლნ. აშშ დოლარი, რომელიც მოცულობით საუკეთესო თვეა ბოლო 18 თვის მანძილზე; ამასთან, 2024 წლის ივნისი პირველი თვეა ბოლო 21 თვის მანძილზე (2022 წლის სექტემბრიდან), როდესაც წინა წლის შესაბამის თვესთან ზრდის ტემპმა 100 პროცენტს გადააჭარბა (+11.3%). ივნისში ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 47.9 პროცენტი შეადგინა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 24 თვის მანძილზე. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, მიუხედავად 2024 წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით უმნიშვნელო – 1.7-მილიონი აშშ დოლარით შემცირებისა (-0.9%), კვლავ ინარჩუნებს უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციას. – მის წილად მოდის მთელი ექსპორტის 33.4 პროცენტი და რეექსპორტის 62.3 პროცენტი. ექსპორტის მთლიანი ზრდის ფონზე სახმელეთო მეზობლების წილი საქართველოს ექსპორტში წინა წელთან შედარებით შემცირდა 4.7 პროცენტული პუნქტით (46.2%-დან 41.5%-მდე), რაც საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიუთითებს. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს 10 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნიდან მხოლოდ 2-ია პოსტსაბჭოთა ქვეყანა (რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი) იმპორტში 15.2-პროცენტიანი ერთობლივი წილით. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვა დსთ-ის ქვეყნებთან დაახლოებით 1.5-ჯერ აღემატება ევროკავშირთან ვაჭრობის მაჩვენებელს, აღნიშნული პროპორცია ნელა, თუმცა მაინც იცვლება მეორის სასარგებლოდ. – ბოლო ერთი წლის მანძილზე ევროკავშირის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში გაიზარდა 1.1 პუნქტით 21.7%), ხოლო დსთ-ისა, პირიქით, შემცირდა 1.3 პუნქტით 33.4%). ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის აშშ დოლარებში 7.1 -ჯერ ზრდის პირობებში ექსპორტი თითქმის 12-ჯერ გაიზარდა, რაც საქართველოს ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში სწრაფი და ღრმა ჩართულობის მაჩვენებელია. ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს ტურიზმის სექტორსაც. 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა (+4.6%), ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობა (+5.0%) და გაღებული ხარჯების მოცულობა (+2.7%). უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა ივნისში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ივნისის მხოლოდ 79.1 პროცენტია. შემცირება განპირობებულია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანი კლებით (ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით გზავნილები რუსეთიდან შემცირდა 80.7 მლნ. აშშ დოლარით – თითქმის 2.7-ჯერ). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობს ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის ივნისში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 36.5%-დან 17.4%-მდე, მათ შორის წმინდა ტრანზაქციებში – 38.6%-დან 18.1%-მდე. ივნისში საქართველოში განხორციელებული წმინდა ფულადი ტრანზაქციებით პირველ ადგილზე გავიდა აშშ (მთელი წმინდა ტრანზაქციების 18.4%, შედარებისათვის: რუსეთის ფედერაცია – 18.1%). ფულადმა ტრანზაქციებმა ჩვენი ქვეყნის ტრადიციულად უმსხვილესი კონტრიბუტორი სახელმწიფოებიდან (აშშ, იტალია, საბერძნეთი) რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების 245 პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2023 წელს აღნიშნული თანაფარდობა 80 პროცენტზე ნაკლები იყო. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა მხოლოდ ივნისში თითქმის 1.8 მლრდ. ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 48.6 პროცენტით გადააჭარბა. მთლიანად, შემოსავლებმა წლის პირველ ექვს თვეში 10.9 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც ფაქტობრივად მთელი 2005 წლის საქართველოს ეროვნული პროდუქტის ეკვივალენტური სიდიდეა. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, დაბალი ინფლაცია და ეროვნული ვალუტის კურსის ფაქტობრივი სტაბილურობა ზრდიან პოზიტიურ კუმულატიურ მუხტს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემდგომი ლიბერალიზაციისათვის. ამასთან, მწარმოებლურობის, ექსპორტის, სახელმწიფო ბიუჯეტში სახსრების მობილიზების მიღწეული ისტორიული მაქსიმუმები წარმოადგენს არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის, არამედ მოწინავე ქვეყნებთან შესაბამისი ისტორიული ჩამორჩენის სწრაფი შემცირების პირობას. ეს განსაკუთრებით ფასეულია რთული საერთაშორისო ვითარებისა და მზარდი გამოწვევების ფონზე და ხაზს უსვამს საქართველოში მშვიდობიანი აღმშენებლობითი პროცესის უალტერნატივობას“, – წერს არჩვაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,938 ნახვა