GD Banner
Uncategorized

ბექა ძამაშვილი: საერთაშორისო სასამართლოებმა და არბიტრაჟებმა, საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისების განმუხტვის მნიშვნელოვანი ფუნქცია შეითავსეს

ანაკლიის 4-მილიარდიან საქმეზე საქართველოს მიერ მოგებული დავა ფაქტობრივად იყო ლოგიკური გაგრძელება და შეიძლება დასასრულიც იმ შემოტევებისა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში იყო ბოლო 7 წლის განმავლობაში საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანოებში, – წერს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე, ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ მართლმსაჯულებაში არც პოლიტიკური ჩარევა ხდებოდა და სისტემა ევროპული კონვენციის სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებდა.

როგორც ძამაშვილი აღნიშნავს, საქართველოს მიერ დავების პირწმინდად მოგების შემდეგ, ეს საქმეები თითქოს დავიწყებას მიეცა და იგივე მცდელობაა ახლაც – საქართველომ ანაკლიის პორტის თემაზე დავა მოიგო და რომ არა სახელმწიფოს სრული გამარჯვება, არავინ იცის, რა პოლიტიკური რყევები იქნებოდა და რა ბედი ეწეოდა ანაკლიის პორტს.

“ანაკლიის 4-მილიარდიან საქმეზე საქართველოს მიერ მოგებული დავა ფაქტობრივად იყო ლოგიკური გაგრძელება და შეიძლება დასასრულიც იმ შემოტევებისა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში იყო ბოლო 7 წლის განმავლობაში საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანოებში: პირველად იყო რუსთავი 2-ის საქმე … ქვეყნის შიგნით საკითხის გარშემო შექმნილი რეზონანსი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, საერთაშორისო აქტორებისა და მედიის ცალკეული წარმომადგენლების მიერ შექმნილი „საზოგადოებრივი აზრი“ იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი პოზიციების/მტკიცებულებების გაანალიზებამდე მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება – შეაჩერა კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება (მანამდე საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე მსგავსი გადაწყვეტილება არ ყოფილა).

ეს იყო პირველი „მძიმეწონიანი“ საქმე, რომელიც აფასებდა საქართველოში მოქმედ მართლმსაჯულების სისტემას, მედიაგარემოს და თითქოსდა მათზე პოლიტიკურ გავლენებს. სახელმწიფოს წინააღმდეგ, დამატებით მესამე მხარედ ჩაერთო სახალხო დამცველი და ერთ-ერთი NGO. ამ ვითარების გათვალისწინებით, რთული იყო, თუმცა ის დავა სრულად მოვიგეთ – დადასტურდა, რომ არც პოლიტიკური ჩარევა ხდებოდა, მართლმსაჯულებაც ევროპული კონვენციის სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებდა და მედიაგარემოც იყო ჯანსაღი; შემდეგ, ვისაც არ დაეზარა, ყოფილმა თუ მოქმედმა პოლიტიკოსებმა საკუთარ ქვეყანას უჩივლეს და პოლიტიკური ნიშნით დევნა დააბრალეს (ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, მელია …). აქაც, დაამტკიცა სახელმწიფომ სიმართლე და პოლიტიკური ნიშნით დევნა არცერთ შემთხვევაში დადასტურდა;

შემდეგ იყო შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული საქმეები და ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და მათზე შტურმი დაუშვებელია და სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება; გვახსოვს იუსტიციის სამინისტროში ელჩების დემარშები სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით … საბოლოოდ ისევ სტრასბურგის სასამართლოში მოგებულმა საქმეებმა დაუსვა წერტილი ამ საკითხსაც და გააჩუმა ყველა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. საქართველოს მიერ ამ დავების პირწმინდად მოგების შემდეგ, ეს საქმეები თითქოს დავიწყებას მიეცა … რეალურად, კი აქედან ერთი საქმეც რომ წაგვეგო, ვხვდებით რა ქაოსში შესაძლოა გახვეულიყო ჩვენი ქვეყანა. ახლაც იგივე მცდელობაა – თითქოს არაფერი მომხდარა საქართველომ ანაკლიის პორტის თემაზე დავა რომ მოიგო (რომლის სასარჩელო მოთხოვნა 4 მილიარდ ლარამდე იყო). აქაც, რომ არა საქართველოს სრული გამარჯვება, არავინ იცის, რა პოლიტიკური რყევები იქნებოდა და რა ბედი ეწეოდა ანაკლიის პორტს.

ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა და არბიტრაჟებმა, საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისების განმუხტვის მნიშვნელოვანი ფუნქცია შეითავსეს და იუსტიციის სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დიდი მადლობა სამინისტროს ხელმძღვანელობას და ჩვენს ძალიან მაგარ თანამშრომლებს! P.S. ამ სამართლებრივი ფრონტის პარალელურად, საქართველომ ყველა დავა მოუგო რუსეთს და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა ბოლო 15 წელში რამდენიმე ათასიდან 185-მდე შემცირდა. პენიტენციური სისტემიდან კი 2012 წლის შემდეგ ერთი საჩივარიც არ მიუღია ევროპულ სასამართლოს წარმოებაში.” – წერს ბექა ძამაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა