GD Banner
Uncategorized

საერთაშორისო არბიტრაჟმა ხაზარაძე-ჯაფარიძეს საქართველოს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა

მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოსარჩელის მოთხოვნა მილიარდ-ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილია.

“2024 წლის 29 ივლისს პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გაუზიარა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას და ითხოვდა დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა მილიარდ-ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა და პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება “, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა