GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ყველა ჩვენგანი სვამს კითხვას – გვეშველება რამე? დავრჩებით თუ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან ყველანი? გააყალბებენ თუ არა არჩევნებს და რა უნდა ვქნათ, როცა გააყალბებენ? თვეში ერთხელ მეძლევა საშუალება მოგმართოთ, საკმაოდ ცუდი გამოსახულებით და არც თუ ისე გამართული ხმით, გისოსების მიღმა, მაგრამ ეს ვერ ჩაახშობს ჩემს ხმას. ივანიშვილი და მისი ამფსონები და პატრონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს – ან მონობა, ან ომი. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი.

სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი. ომი მოაქვთ მათ! მათ გამოუცხადეს ცივი ომი მთელს ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ რაც ჩვენ დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსები გადაგვსანსლავენ და გაგვიჩაღებენ ომს, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქართველს, გაანადგურებენ საქართველოს. ივანიშვილი გვთავაზობს – ან მშვიდობა, ან ომი, ან მონობა, ან ომი და სინამდვილეში, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობასა და თავისუფლებას. არა მონობას!

რატომ არის ახლა გადამწყვეტი მომენტი? როდესაც ერთ გამოჩენილ ევროპელ მოღვაწეს დავურეკე, აქ წამოსვლის წინ და ვუთხარი, რომ საქართველოში ვბრუნდებოდი, ის ჩემს სახლში იყო მოსული და მითხრა, რომ გადასარევად ხარ მოწყობილი, კომფორტი არ გაკლია, პატივისცემა არ გაკლია და რამდენად რთული გადაწყვეტილებაა საქართველოში წასვლა? მე ვუთხარი, რომ სხვა გამოსავალი აღარ მაქვს იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ.

მე დამჭირდა მრავალი წელი, რომ მივსულიყავი ამ დასკვნამდე, რომ საქართველოს ნამდვილად ვკარგავთ, მეც ვერ მივხვდი ეგრევე, მითუმეტეს ძალიან ბევრი ჩვენს საზოგადოებაში და დღეს ყველა ხვდება, ვისაც აზროვნება შეუძლია, ვისაც თვალები აქვს, ვისაც გული საგულეში აქვს, ყველა ხვდება, რომ ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ. ამიტომ მე ჩამოვედი 2021-ში და ძალიან სწორად თქვა ერთ-ერთმა კულტურის მოღვაწემ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საარჩევნო გუშაგი იყოს, რომ ეს არის პირველი არჩევნები, როცა ყველა ყველაფერს მიხვედრილია და ბოლო არჩევნები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში სიტუაცია შევცვალოთ.

მათ არჩევნები აქვთ წაგებული და მე თქვენ გეტყვით რატომ. ამასწინათ, ერთ დიდ ქართულ კურორტზე იყვნენ ალისა და სოფოს დედა ქეთი, ჩასხდნენ ტაქსიში და ტაქსისტი ეუბნება, რომ ეს მიშას გაკეთებულია, ეს მიშამ გააკეთა და აქ მიშას არაფერი აქვს პირად საკუთრებაში, ეს ყველაფერი ახლა მიითვისეს ამ მთავრობის წევრებმა და თვითონ ივანიშვილმა.

მესტიაში ყველაფერი რაც გაკეთდა, გაკეთდა ჩემს მიერ, იმის შემდეგ თითი თითზე არ დაუდია არავის და “რედისონის” სასტუმრო ვერ მოვასწარი მესტიის ცენტრში, 2 თვე დამაკლდა და ახლა იქ კარკასი დგას, თეთნულდის კურორტი ვერ მოვასწარი,ამიტომ ახლა იმაზე კი არ მინდა ლაპარაკი, თუ რა გავაკეთე, იმაზე მინდა ლაპარაკი თუ რისი გაკეთება ვერ მოვასწარი, რადგან ეს არის ყველაზე ტრაგიკული ისტორია, მათ შორის სვანეთის გვირაბის, აღარ ვლაპარაკობ ლაზიკის პორტზე და ყველა სხვაზე. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფასეულობები, ჩემი ფასეულობა არის აღმშენებლობა, მათი ფასეულობა არის ნგრევა.

ეს არის ბაგრატი, რომელიც მე აღვადგინე და ეს არის გელათი, რომელიც მათ დაანგრიეს, ეს არის გელათის დაზიანებული ფრესკები, ეს არის ანაკლია, რომელსაც მე ვაშენებდი, ლაზიკის პორტს და ეს არის ის სიტუაცია, რაც არის შექმნილი, იქ არის ჭაობები და იქ არის უბედურებები. ეს არის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და ეს მათ მიერ მოშენებული “ლოჯი”, კაზინოს სახით. გახსოვთ რა ძეგლებს ვდგამდით? ჩვენი ძეგლები იყო “9 აპრილის ძეგლი”, რომელიც დავდგით პარლამენტთან, ჩვენი ძეგლი იყო გმირთა მოედანზე და ამათი ძეგლი იყო ვაზაგაშვილის სტელა, ჩვენი წმინდა გიორგი და გმირების ძეგლი, ამათი ვაზაგაშვილის.

ჩვენი გმირი არის გიორგი ანწუხელიძე, რომელიც იმავე მდგომარეობაში ჰყავდათ ოკუპანტებს, როგორც ამათ უნდათ, რომ საქართველო ჰყავდეთ. ამათი გმირები არიან წულუკიანი, მდინარაძე და ვაზაგაშვილი. გიორგი ანწუხელიძემ გვაჩვენა, რომ თავგანწირვას ყოველთვის აქვს აზრი და მაშინ ქართული სახელმწიფო გადარჩა. მე დიდ თაყვანს ვცემ ამ დიდ ქართველ ვაჟკაცს.

ახლა დავუბრუნდეთ არჩევნებს. არჩევნები, რა თქმა უნდა, მათ წაგებული აქვთ, მაგრამ მათ აქვთ გეგმა იმისა, რასაც გააკეთებენ და ეს ყველაფერი უკვე მოხდა გუშინ, ვენესუელაში. ვენესუელაში ზუსტად ასე არის მთავრობა ფულით გაქსუებული, რომელიც გადაკიდებულია დანარჩენ სამყაროსთან, შეკრულია რუსეთთან და რომელსაც ეზიზღება საკუთარი ხალხი.

ვენესუელაში მათ წააგეს არჩევნები 70/30-ზე და იქაც არის ელექტრონული კენჭისყრის სისტემა; მთლიანად გააყალბეს, მთლიანად აკონტროლებენ საარჩევნო კომისიას, მთლიანად აკონტროლებენ სასამართლო სისტემას, მთლიანად აკონტროლებენ პოლიციას და ოპოზიციას, რომელმაც მოიგო 70/30-ზე, დატოვეს მშრალზე, ჯერ-ჯერობით, მაგრამ იქ ხალხი ამას არ შეეგუება და აქაც ივანიშვილმა გაწმინდა ყველაფერი საარჩევნო კომისიაში, მთლიანად ხელში აქვს, როგორც ვთქვი, საარჩევნო სისტემა, გაამრავლა “რობოკოპები”. ვენესუელამ უარი უთხრა უცხოეთში საარჩევნო პუნქტების გახსნაზე იმიტომ, რომ ქვეყნიდან გაყარეს მოსახლეობის თითქმის ნახევარი და იქაც არის წარმოუდგენელი ფასების ზრდა, როგორც ჩვენთან.

ჩვენთან უკვე გამოაცხადეს, რომ დამატებით საარჩევნო უბნებს არ გახსნიან და უფრო მეტიც, რუსეთს ელაპარაკებიან ახლა, რომ რუსეთში გახსნან საარჩევნო პუნქტები; გასაგებია, ზუსტად ასევე შევარდნაძე აყალბებდა რუსეთის მეშვეობით და მათ უნდათ, ისე როგორც ვენესუელაში მოხდა გუშინ, შეიყვანონ მთელი ხალხი “ბუტკაში”. ოღონდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის “ბუტკაში” ქართველი ხალხი აღარ ეტევა. ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული და მათ ისინი “ბუტკაში” ვერ “შერეკავენ”.

ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ყველანი ერთად, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ, აღიარონ ქართველი ერის არჩევნები.

ბოლოს და ბოლოს, ვინ ჰყავთ მათ? მათ ჰყავთ 2500-3000 “რობოკოპი”, მათ ჰყავთ რამდენიმე ასეული ბანდიტი, შეიძლება 2000-იც და მათ აქვთ სითავხედე. ჩვენსა და ჩვენს გამარჯვებას შორის, ვერ დადგება რამდენიმე ათასი “რობოკოპი”, ჩვენ მილიონობით ვართ და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, საკუთარი თავის დაცვისთვის და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ, მაგრამ გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ბრძოლით, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვექნება.

დააკვირდით მათ, თუ როგორი შეშინებულები არიან და აქეთ გვაშინებენ. ამას წინათაც თქვეს, რომ ყველგან დაგვხვდებიან და ერთ ამბავს მოგვიწყობენ, ოღონდ მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და ფულის დაკარგვის, ჩვენ გვეშინია ჩვენი ქვეყნის დაკარგვის და ჩვენი ახლობლების დაკარგვის, რომლებიც მიდიან უცხოეთში, ჩვენ გვეშინია ხვალინდელი დღის, ჩვენი შიში მათ შიშს დაამარცხებს იმიტომ, რომ ჩვენი შიში კი არ გვბოჭავს, არამედ გვიბიძგებს ბრძოლისაკენ, გვიბიძგებს ხელის განძრევისკენ, გვიბიძგებს იმისკენ, რომ ქართველები არასდროს არ შეეგუებიან მონობას. ოლიგარქს ძალიან ეშინია, დააკვირდით როგორი დამფრთხალი თვალების აქვს მას და მის ჯგუფს, მათ გეგმა დაწყობილი აქვთ, ჩვენს ეს გეგმა ვიცით, ყველამ ყველაფერი იცის, ახლა მთავარია, რომ ვიმოქმედოთ.

თავის დროზე სათანადოდ ვერ შევაფასე ივანიშვილისგან მომდინარე საფრთხე და ეს მართლაც ასეა. და იცით რატომ ვერ შევაფასე?! იმიტომ, რომ ვერც კი წარმომედგინა, რომ ქართველ კაცს შეიძლება ასე ეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა და ასე, არაფრად აგდებდეს საკუთარ ხალხს და თუ ეს ასე არ არის და სასტიკი და დაუნდობელი არ არის მისი ხალხის წინაშე, მაშინ მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის, როგორც მე, თავს დროზე მოვახდინე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მაგრამ, აქვე მინდა ვუთხრა და კარგად მომისმინოს ივანიშვილმა და მისმა მცველებმა.

ჩვენ, არცერთ სხვა შედეგს არ მივიღებთ და არ დავთანხმდებით გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა! ყველა სხვა არჩევანი არის გამორიცხული! ქართველი ხალხის იმარჯვებს, დღესავით ნათელია ყველანაირი გამოკითხვით. გამოკითხვაც არ სჭირდება, შეგრძნებებით და ა.შ. და თქვენ ემზადებით გაყალბებისთვის, თქვენ ემზადებით ძალადობისთვის, თქვენ ემზადებით ხალხზე თავდასხმისთვის, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს, მშვიდობიანად ვიდგებით ბოლომდე და ჩვენ არ მოგაპარვინებთ ამ არჩევნებს. ჩვენ ვიდგებით იქამდე, სანამ თქვენ არ აღიარებთ დამარცხებას. არცერთი სხვა შედეგი ამ არჩევნებზე არ მიიღება, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა.

საქართველოს, უფრო მეტსაც გეტყვით, მთელი მსოფლიო უყურებს – რა იქნება საქართველოში. საქართველოს პატივს სცემდნენ მთელს მსოფლიოში, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, ახლა ძნელია ამათ პირობებში ამაზე სერიოზულად საუბარი, მაგრამ ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში, ამაზე საუბრობდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, დონალდ ტრამპიც საუბრობდა ამაზე, ვიდეოებიც ვრცელდება სოციალური ქსელში.

საქართველოს პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში. ჯორჯ ბუშმა, სარკოზიმ თავისუფლების მოედანზე თქვა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენ კი არ გვითქვამს, მათ თქვეს, ეს იყო პირველი და ბოლო შემთხვევა, როდესაც დიდი ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა, იმ წლებში თქვა, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და ეს ყველაფერი უნდა ოლიგარქს რომ წაგვართვას.

როგორც კი დავკარგავთ ბოლო მოკავშირის ინტერესს, იქ იმწუთშივე ჩაგვყლაპავს ჩვენი მტერი, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიო გვაძლევს შანსს. წინათ რომ იყო გაშვებული შანსი, ახლა გვაძლევენ კიდევ, ბოლო შანსს. მთელი მსოფლიო გვაკვირდება ვიქნებით თუ არა ბრძოლისუნარიანები, დავხრით თავს თუ ვიბრძოლებთ, ვიქნებით ბელარუსები თუ ვიქნებით ქართველები, რომლებიც თავისი თავისუფლებისთვის ბოლომდე. ვიქნებით ვენესუელელები, რომელთაც ბოლო მრავალი წელია ვერ გააქვთ თავისი, თუ ვიქნებით ქართველები. ჩვენ არ უნდა აგვიკანკალდეს ხელი, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს რამდენიმე ათასი ბანდიტის.

ამათ პროპაგანდის მანქანა ამუშავებული აქვთ, მაგრამ დაჩლუნგებული აქვთ, ევროპის დროშებს აფრიალებენ, როგორც ასლან აბაშიძე აცხადებდა, რომ მის მოკვლას აპირებდნენ და ივანიშვილი ბოლომდე დაეწვია მას, ერთი რამისგან განსხვავდებოდა მისგან და ამაშიც დაეწია, ისიც თქვა, რომ მისი მოკვლა ვიღაცას სურს, მაგრამ ასლან აბაშიძე გამოვიდა ბათუმის ცენტრში, დაარქვა მოედანს ერა – ევროპის რეგიონთა ასამბლეის მოედანი, ვითომ მაგარი ევროპელი იყო. შევარდნაძემ თავის სახეების ნაცვლად, წინ წამოწია ბავშვების სახეები და თქვა, რომ მომეცით ხმაო. როგორ აქვთ ევროპის დროშები აფრიალებული, მაგრამ მთელი ევროპა იძახის, რომ ამათზე უფრო საზიზღარი პოლიტიკოსები არ უნახავთ.

თავისუფლება დღეს ჩვენ, თავისუფლება დღეს ჩვენი წყდება ახლა, არასდროს საქართველო არ ყოფილა ასეთ საფრთხეში მრავალი ათწლეულის განმავლობაში, როგორშიც არის ახლა. არასდროს მას არ ჰყოლია ასეთი, ორჯონიკიძის, მახარაძის, ყორღანაშვილის შემდეგ, ასეთი მტერი, როგორიც დღევანდელი მმართველი ხროვა. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვუთხართ ჩვენს თავებს, რომ მე გავუძლებ, მე ვიბრძოლებ, მე უკან არ დავიხევ, მე თავს გავწირავ, მაინც ვაჩვენებ თავგანწირვას და მაინც მოვიპოვებ თავისუფლებას.

ჩვენ არ დაგანებებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ არ წაგართმევინებთ ჩვენს მომავალს და თავისუფლებას. ჩემი პრეზიდენტობის დროს, უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა, 800 000 ადამიანი გააქციეს, შაჰ-აბასს არ წაუყვანია ამდენი საქართველოდან, როგორც ამათმა გააქციეს, ასეთი კატასტროფა საქართველოში არასდროს არ ყოფილა.

ან ერთად დავიღუპებით, ან ერთად გადავრჩებით. ჩვენ ვიქნებით ერთიანები, როგორც არასდროს იმიტომ, რომ რომც წავიდეთ ამ ქვეყნიდან, მაგალითად გერმანიაში და იმუშავებთ სადმე, ან მშენებლობაზე, ან ოფისში, ან ტაქსიზე და ვიღაც მგზავრი ჩაგიჯდებათ და გკითხავთ თუ რომელი ქვეყნიდან ხართ და ამოილუღლუღებთ, რომ ყოფილი საქართველოდან, ახლა რუსეთის პროვინციიდან, ეს არის ძალიან მძიმე ხვედრი, შენი ერის გარეშე დარჩენა არის ძალიან მძიმე ხვედრი და ჩვენ ზუსტად ამ ზღვარზე ვიმყოფებით დღეს. ამიტომ ჩვენ უნდა გავიქცეთ ამ სივრციდან, რაც შეიძლება ჩქარა და ტყუილია, რომ ეს ომს გამოიწვევს.

მოლდოვა გარბის, მაგრამ არავინ არ ბომბავს, სომხეთი სანამ რუსეთთან იყო, ომში იყო ჩათრეული, როგორც კი რუსეთისგან დაიწყო თავის დაღწევა, მასაც ვერავინ ვერ ბომბავს და არავინ ხელს არ აკარებს. რუსეთიდან გაქცევა არის მშვიდობის ერთადერთი გზა. მოქალაქეებს, რომლებსაც ომით ემუქრებიან, ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ. ერთის მხრივ შიში და სიძულვილია, მონობა და მეორეს მხრივ თავისუფლება და უსაფრთხოება.

ჩვენ ვერ დავმარცხდებით იმიტომ, რომ ვიბრძვით მომავალი თაობებისთვის, ჩვენ არ მივიღებთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაფერს გარდა ქართველი ხალხის გამარჯვებისა. მათ შეუძლიათ სიტუაციის განმუხტვა ნებისმიერ მომენტში და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ივანიშვილმა დააჩოქა ქართული სახელმწიფო, გაანადგურა ძალიან ბევრი ქართულ ინსტიტუტი, თუმცა ბოლომდე ვერ გაანადგურა მაინც, ახლა ქართველმა ხალხმა უნდა დააჩოქოს ივანიშვილი და ფეხზე დააყენოს ქართული სახელმწიფო. დიქტატორი ვერ მართავს საქართველოს და ეს არის გამოცხადებული დიქტატურა, ეს აღარ არის რაღაც ჰიბრიდული ფორმა.

ჩვენ ყველანი ვიდგებით ერთად. ოპოზიცია ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა და ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მცდელობა, რომ დავეყავით, დავეშალეთ, ერთმანეთზე გადავეკიდეთ, არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი ხალხი არის უფრო აზრზე მოსული, ვიდრე ოდესმე. საქართველოს წინ ელის ბრწყინვალე მომავალი, არა ქვეყნიდან გაქცევა და როგორ არ მომტყდა ხელი, რომ ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა დავუკვეთე ჰოლანდიურ კომპანიას და იქიდან გადის ახლა საქართველოს მომავალი, საქართველოს მომავალი დარჩება აქ და ჩვენ გველის ბრწყინვალე მომავალი და ეს ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა. მთავარია არავის არ მივცეთ უფლება ამ ხელზე ხელი აგვიკრას და ჩადგეს ჩვენსა და ჩვენს ნათელ მომავალს შორის.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დიდება საქართველოს!

სახელოვნად გავიმარჯვებთ!

დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა