რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს 12 ივლისს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანს „უკრაინულ შეთქმულებაზე“ მოუყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო საუბრიდან ათ დღეზე მეტი გავიდა, მისი დეტალები ახლა გახდა ცნობილი.
მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ოსტინი მხოლოდ ხუთჯერ ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრებს. ხშირ შემთხვევაში საუბარი ამერიკული მხარის მოთხოვნით კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით იმართებოდა.
ბოლო სატელეფონო საუბარი ბელოუსოვთან კი რუსული მხარის მოთხოვნით გაიმართა. ბელოუსოვმა ოსტინს უთხრა, რომ რუსებმა უკრაინელების საიდუმლო ოპერაციის შესახებ შეიტყვეს, რომელიც, მისი აზრით, ამერიკელების ნებართვით უნდა ჩატარებულიყო.
გაზეთი წერს, რომ ბელოუსოვმა ჰკითხა ოსტინს, იცოდა თუ არა ამერიკულმა მხარემ ამ საიდუმლო ოპერაციის შესახებ, რომელიც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებულ დაძაბულობას გაზრდიდა.
გაზეთის ცნობით, პენტაგონის წარმომადგენლები გაკვირვებულები იყვნენ და არაფერი იცოდნენ ამ შეთქმულების შესახებ, თუმცა რუსების მიერ მოწოდებული ცნობა სერიოზულად აღიქვეს და უკრაინულ მხარეს დაუკავშირდნენ, რათა დეტალები გაეგოთ. ამერიკელებმა უკრაინელები გააფრთხილეს, რომ არაფერი მსგავსი არ ჩაედინათ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები ძალიან არიან დამოკიდებულნი ამერიკულ სამხედრო, სადაზვერვო და დიპლომატიურ დახმარებაზე, უკრაინელი ჩინოვნიკები ამერიკელ კოლეგებს სამხედრო ოპერაციების შესახებ ყოველთვის არ უყვებიან.