ისრაელი საფრანგეთს ოლიმპიური თამაშების დროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისგან ტერორისტული თავდასხმის პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას წერილის საშუალებით აცნობა.
„ზოგი ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მხიარული მოვლენის აღნიშვნას“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ფრანგ კოლეგას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელის დელეგაცია უზრუნველყოფილია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით.
ამასთან, პალესტინის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოლიმპიადაზე ისრაელის მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდნენ. წერილში აღნიშნული იყო, რომ ღაზის სექტორის დაბომბვა ოლიმპიური ზავის დარღვევაა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პალესტინის აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.