GD Banner
Uncategorized

ირაკლი კობახიძე – ევროკომისარმა როცა მოგვაწოდა გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, კონკრეტულ პოლიტიკოსზე არ იყო საუბარი, აქედან გამომდინარე, შეიძლებოდა, ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი

სუს-ის ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ასეთი აქტების პრევენციისთვის.

„სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. იცით, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული. ისინი მიუთითებდნენ მხოლოდ სხვა მუხლზე და არ მოიხსენიებდნენ ტერორიზმის მუხლს. ეს ინფორმაცია ძალიან შემაშფოთებელია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებთ ერთსა და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და გამოძიება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია.

ასევე, გახსოვთ სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით. ანუ, მას ჰქონდა ეს აღიარება, რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით. ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც, უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. მოგეხსენებათ, პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან კილერები. გაფრთხილებაც არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს, როგორც ერთგვარი მესინჯერი იმისათვის, რომ ჩვენამდე მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია. ეს ყველაფერი შემაშფოთებელია.

ვიღაცებს არ მოსწონთ პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს. გასაკვირი არც ის არის, რომ, გამოძიების თანახმად, ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი, იმ ადამიანების როლი, რომლებიც დღეს ფიზიკურად იმყოფებიან უკრაინაში. ეს ყველაფერი უკიდურესად შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასეთი აქტების პრევენცია და ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ შესაძლო ტერაქტის ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მმართველი პარტიის ლიდერი. ის არის პოლიტიკური გაერთიანების საპატიო თავმჯდომარე. ამის მიღმაც, კარგად მოგეხსენებათ, როგორია ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი. მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ევროკომისრის მხრიდან როცა მოგვაწოდეს კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, საუბარი არ იყო კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, ადრესატი, შეიძლებოდა, ყოფილიყო ნებისმიერი. ეს არ იყო გაფრთხილება პირადად ჩემ მიმართ. ჩემ მიმართაც იყო წამოსული ეს გაფრთხილება, მაგრამ გაფრთხილება იყო ზოგადი შინაარსის, შესაბამისად, ის შეიძლებოდა ყოფილიყო მიმართული ნებისმიერ პოლიტიკოსზე საქართველოს ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, პირველ რიგში, მათთვის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების გარანტი“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა