GD Banner
სამართალი

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი : საუბარი იყო ივანიშვილისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე, მესმის, შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალოვანმა სტრუქტურებმა

საქართველოში თურმე იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, – ამის შესახებ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სასამართლოში დღევანდელ სხდომას დაესწრო.

მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

„კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება. ეკითხებიან ადამიანს, რადგანაც შენ ხარ მებრძოლი უკრაინაში, ხომ არ აპირებ ამ ტერორისტულ აქტებში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებასო“, – განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს უკრაინაში მყოფი მაღალჩინოსნები და ქართველი მებრძოლების მათთან შემხებლობა. რამიშვილის განცხადებით, სხდომაზე დასახელდა „ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილი.

„ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება. მტკიცებულებები რომ არსებობდეს და ამდაგვარი ქმედებით ადამიანის სიცოცხლის საფრთხე რომ არსებობდეს, მაგალითად, მე, პირადად, უკვე დასრულებული მექნებოდა, ანუ არათუ მოწმედ დავკითხავდი, უკვე ყველას ბრალს წავუყენებდი.

შეუძლებელია ბრალის წარდგენა. ეს ნიშნავს, რომ მე დამაბრალოთ „გლობალური ომის პარტიის“ თავმჯდომარეობა. მე დარწმუნებული ვარ, სუს-ი აბსოლუტურად ყველანაირ ზომებს მიიღებს. მესმის, შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ ძალოვანმა სტრუქტურებმა და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, ეს ინფორმაცია რამდენად რეალურია ან რამდენად ყალბია. მივესალმები, რომ უნდა გამოიძიონ, მაგრამ ვინმეს ნიშნის მოსაგებად არ უნდა შექმნან ისეთი პირობა, თითქოს საქართველოში საშიშროება არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოში არსებობს საშიშროება, მაგრამ იმიტომ არსებობენ პროფესიონალური ორგანოები, რომ ასეთი რაღაცები აღკვეთონ. არ უნდა იყოს ეს წინასაარჩევნოდ და არ უნდა იქმნებოდეს ფონი, თითქოს ჩვენ ვართ ტერორისტული ქვეყანა. ჩვენ ვართ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან ცრუ ინფორმაცია და მისი გამავრცელებელი უნდა შეწუხდეს ისე, რომ პასუხი აგოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს, უწყებამ უკვე გამოკითხა რამდენიმე პირი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,150 ნახვა