აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში საიდუმლო სამსახურის დირექტორის, კიმბერლი ჩიტლის მოსმენა გაიმართა.
კონგრესმენებმა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს 13 ივლისს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბათლერში პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვეს.
კონგრესმენები ცდილობენ, დაადგინონ მიზეზი, რის გამოც საიდუმლო სამსახურმა ექსპრეზიდენტის სათანადო დაცვა ვერ შეძლო.
სხდომის დაწყებისას კიმბერლი ჩიტლმა კონგრესმენებს სიტყვით მიმართა.
„13 ივლისს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული მარცხია ათწლეულების განმავლობაში. საიდუმლო სამსახურის უმთავრესი მისიაა, დაიცვას ჩვენი ქვეყნის ლიდერები. 13 ივლისს ჩვენ მარცხი განვიცადეთ. როგორც შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის დირექტორი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ სააგენტოს ნებისმიერ შეცდომაზე. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ მიმდინარე გამოძიებასთან. უნდა შევისწავლოთ, რა მოხდა და ყველაფერს გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარასდროს განმეორდეს“, – განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა.
რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა კონგრესმენებმა კიმბერლი ჩიტლს კითხვები დაუსვეს, იმყოფებოდნენ თუ არა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები სახურავზე, საიდანაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, თომას ქრუქსმა ექსპრეზიდენტს ცეცხლი გაუხსნა; წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაუშვა თუ არა თომას ქრუქსმა ჰაერში დრონი და რატომ არ შეაჩერეს ის, როდესაც არაერთმა ადამიანმა ის სახურავზე ცეცხლსასროლი იარაღით შენიშნა.
კიმბერლი ჩიტლმა შეკითხვების ნაწილს თავი აარიდა, ზოგიერთ შეკითხვას კი უპასუხა, რომ „ინციდენტიდან მხოლოდ ცხრა დღეა გასული და ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს“.
„მე დეტალებში ვერ შევალ ამ დღესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჩიტლმა.