რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის თქმით დონალდ ტრამპს შეუძლია ომის დასრულება უკრაინისა და დასავლეთისთვის მომგებიან პირობებზე.
მისივე თქმით, რთულია წინასწარ განჭვრიტო რუსეთ- უკრაინის ომის სამომავლო შედეგები, მაგრამ ფაქტია, აქ და ამჟამად უკრაინა გამოყენებულ იქნა რუსეთის სატყუარად და საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა გადარჩება თუ არა უკრაინა?! და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება.
„რუსეთ – უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტად იქცა. უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის შეჭრას ათიათასობით ადამიანის სიკვდილი, ჰუმანიტარული პირობების გაუარესება და ინფრასტრუქტურის განადგურება მოჰყვა.
ევროპული საბჭოს მონაცემებით
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 6,8 მილიონმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა, კიდევ 7,7 მილიონი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
უკრაინის საელჩოს ინფორმაციით: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინისკენ ისროლა 7500-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის – 900 ბალისტიკური რაკეტა და 3800-მეტი კამიკაძე-დრონი – „შაჰიდი“; ჯერ მხოლოდ 2023 წელს, უკრაინაში 600-ზე მეტი საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ადგილი აქვს სექსუალურ ძალადობას, ბავშვების გატაცებას, ომის ტყვეების არასათანადო მოპყრობას. უკრაინული მხარის თქმით, მათ მსგავსი დანაშაულების 109 000 მტკიცებულება მოეპოვებათ. ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთში 700 000 ბავშვი გაიყვანეს.არის კადრები სადაც რუსი სამხედროები ხელშეკრულ უკრაინელ სამხედროს საკანცელარიო დანით კასტრაციას უტარებდნენ. ომის დანაშაულების არსებობა ფაქტობრივად იკვეთება.
ამ მძიმე საკითხს თუ გლობალურ ჭრილში შევხედავთ ფაქტია, უკრაინის ომმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რენესანსი გამოიწვია. თუ ჯერ კიდევ 2019 წელს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ნატოს „ტვინის სიკვდილზე“ ლაპარაკობდა, მისივე სიტყვებით, რუსული აგრესია უკრაინაში გახდა ელექტროშოკი, რომელმაც მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ბლოკი გამოაფხიზლა. ომის დაწყების შემდეგ, ნეიტრალურმა შვედეთმა და ფინეთმაც კი ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადეს. ამის შედეგად, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას რუსეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს და რომელიც მთელი ძალით ცდილობდა, ალიანსში უკრაინის გაწევრიანება არ დაეშვა, საპირისპირო ეფექტს მიაღწია. ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საერთო საზღვრის სიგრძე ორჯერ გაიზარდა და 2600 კმ-ს მიაღწია.
რუსეთ- უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს. უკრაინა პოლიტიკური სატყუარაა რომლითაც რუსეთს ეთამაშება ამერიკა და ევროპა. და მაინც რა შესაძლებლობებია უკრაინის გადასარჩენად?
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის თქმით დონალდ ტრამპს შეუძლია ომის დასრულება უკრაინისა და დასავლეთისთვის მომგებიან პირობებზე. პირველ რაც ტრამპმა უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე დასავლეთისა და უკრაინის ხელის გაძლიერებაა – კერძოდ კი მოუხსნას უკრაინას დასავლური შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები. ჯონსონის თქმით, ასევე აუცილებელია აღდგეს 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი საზღვრები, რის შემდეგაც დანარჩენი უკრაინა თავისუფალ ქვეყნად გამოცხადდება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების უფლებით და სასურველია მაქსიმალურად სწრაფად. ტრამპისთვის მომხიბვლელ ვარიანტად ჯონსონი განიხილავს უკრაინელი სამხედროებით ევროპაში განლაგებული 70 ათასი ამერიკელის ჩანაცვლებას, რაც მისი თქმით, აშშ-ს თანხებს დაუზოგავდა და ევროპელ ქვეყნებს უბიძგებდა უფრო სწრაფად იმოქმედონ საკუთარი უსაფრთხოების გასამყარებლად. ამის პარალელურად უკრაინის გამარჯვება, ელჩების თვალთახედვით, შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, 1991 წლის საზღვრებში – ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით; რუსეთის მიერ პასუხისგება უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე; რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის დანგრეული ნაწილის აღდგენისთვის.
დღეის მონაცემებით აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს შუა დონეცკის ოლქში, ლუგანსკის ოლქის 95% უკავიათ რუსებს, ხარკოვის ოლქში რუსებს მხოლოდ სასაზღვრო პოზიციები უკავიათ (დაახლოებით 7-8 კმ-შია საზღვრიდან ფრონტის ხაზი), ისიც ყველაზე მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტ ვოლჩანსკში, სადაც შეტაკებები მიდის. რთულია წინასწარ განჭვრიტო რუსეთ- უკრაინის ომის სამომავლო შედეგები, მაგრამ ფაქტია, აქ და ამჟამად უკრაინა გამოყენებულ იქნა რუსეთის სატყუარად. უკრაინას ომი დააწყებინეს, აიმედებდნენ რომ დაეხმარებოდნენ და ის ამ ომს მოიგებდა თუმცა დიდ მეგობართა უმოქმედობის ფონზე საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა გადარჩება თუ არა უკრაინა?! და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.