რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები. გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
გვარამიას თქმით, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ხალხის დაკვეთა და ხალხის დაკვეთა არის მშვიდობა.
„ჩვენი ხალხის დაკვეთა არ არის, რომ საქართველოში იყოს ომი. ამიტომ ჩვენ გავყვებით იმას, რაც უნდა ჩვენს მოსახლეობას. მოსახლეობის მთავარი დაკვეთა არის მშვიდობა. ამიტომ ლაპარაკობს ივანიშვილი ამდენს მშვიდობაზე. ჩვენ ვაპირებთ, შევასრულოთ მოსახლეობის მთავარი დაკვეთები. მისი დაკვეთა თუ არის მშვიდობა, ჩვენი რიტორიკა იქნება იმგვარი, რომელიც ამას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.
რუსეთთან დაკავშირებით, არ ვაპირებთ მისთვის საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. ფრენები თუ კომფორტული და თავსებადია – კომფორტული საქართველოს მოქალაქეებისთვის, საჭირო და თავსებადი ჩვენს ევროინტეგრაციულ პროცესებთან – იყოს ფრენები. თუ არ არის თავსებადი, მაშინ, პირველ რიგში, ჩვენ ვირჩევთ ევროპას. რატომ ვირჩევით? რადგან უსაფრთხოება არის ევროპაში. ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია, არცერთი რუსი არ შემოუშვათ და ასე შემდეგ, ეს ისტერიული დამოკიდებულება, არა მარტო პროპაგანდისტულად, რუსეთთან დამოკიდებულებაშიც არ არის გამართლებული, ზოგადად, არ არის ის ამოცანა, რომლის დაკვეთასაც გვაძლევენ ქართველები. დაკვეთა თუ არსებობს, რუსი ტურისტი რომ ჩამოდის, ოღონდ იმ ვითარებაში, როდესაც უშიშროების გარანტიები გვაქვს ნორმალური უშიშროების სამსახურებიდან, რომ ეს რუსული აგენტურის ინფილტრატი კი არ არის, ჩვეულებრივი ტურისტია, ცხოვრობს აქ ან ფულს ხარჯავს და ქართულ ეკონომიკას ადგება, კი ბატონო, იყოს. მე უნდა მქონდეს გარანტია, რომ უშიშროების სამსახური იმგვარი მყავს, რომელიც მეტყვის, რომ ეს არ არის უბრალოდ ტურისტი, ინფილტრატია, მუშაობს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. მეც მიჭირს ახლა ამისი თქმა, რადგან სრული მიუღებლობა მაქვს ამ ხალხის, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არ განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას, სახელმწიფოს დამოკიდებულებას განსაზღვრავს ამომრჩეველი. უნდა იცნობდე საკუთარ ხალხს, თუ გინდა, რომ მართო ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.